პირველი კურსის სტუდენტს, მომავალ ექიმს, ბელა ზოპუნიანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებში სახლი და ახლობლები ენატრებოდა. ახლა კი საკუთარი სახლში განათლების ხარისხზეა შეწუხებული. ბელასთვის დისტანციურ უნივერსიტეტს უარყოფითი მხარეები უფრო მეტი აქვს, ვიდრე დადებითი.
დავარცხნილი თმა, მსუბუქი მაკიაჟი და ბოლო, სარკეში საკონტროლო ჩახედვა, აი, რას აკეთებდა ყოველ დილით ბელა, როდესაც უნივერსიტეტში ლექციებზე ეჩქარებოდა. ახლა კი პრიორიტეტები შეიცვალა, მას ბინის დალაგება ეჩქარება, რათა სახლში არეულობა არ იყოს, როდესაც უნივერსიტეტი კომპიუტერში “მასთან სახლში მივა”.
“როდესაც ლექტორი გაკვეთილს ხსნის, საჭიროა აუდიტორიაში არსებული მაკეტებზე ორგანოების ჩვენება, მაგრამ დისტანციურად ასე არ არის. საჭიროა დამატებითი დროის ხარჯვა, რათა ინტერნეტში მოძებნო ეს ყველაფერი. ხდება ისეც, რომ ინტერნეტი არ გაქვს. მაგალითად, ერთხელ ინტერნეტი არ მქონდა, ელექტროობა გაითიშა და ბანკომატები არ მუშაობდა ანგარიში რომ შემევსო. თბილისიდან ჩემ მეგობრებმა ჩამირიცხეს ანგარიში”.
ონლაინ ლექცია
ოთახნახევრიანი ბინა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის ოჯახის წევრები: დედა, ბებია და ძმა ბელას დისტანციური ლექციებით ცხოვრობენ. დედა ახალქალაქის ერთ-ერთ კოლეჯში ასწავლიდა, მაგრამ ახლა უმუშევარია, ვაჭრობით არის დაკავებული, ბებია- პენსიონერია, ძმა კი სკოლის მოსწავლე ჰყავს. ოჯახის ტვირთი დედას აწევს. ბელას არ უყვარს, როდესაც მისი ლექციები დედის სახლში დაბრუნების დროს ემთხვევა, როდესაც დედას დასვენება უნდა, ხოლო პატარა ბინაში, სადაც ონლაინ-სწავლა მიმდინარეობს, ეს შეუძლებელია.
საქართველოში ყველა სტუდენტი დისტანციურად სწავლობს. თუმცა, სამედიცინო პროგრამებისთვის ნებადართულია პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჯერ კიდევ 25 ნოემბერს განაცხადა.
“უნივერსიტეტებს სამედიცინო პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების არადისტანციურად ჩატარების უფლება, სამედიცინო პროტოკოლის თანმიმდევრული გათვალისწინებით ექნებათ”,- განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.
ბელას ეს უხაროდა, რადგან ფიქრობდა, რომ სამედიცინო სწავლება ნორმალური პრაქტიკის გარეშე შეიძლება საზარალო იყოს. თუმცა, პრაქტიკის ორგანიზება მათ კურსზე ვერ მოხერხდა, ბევრმა სტუდენტმა უსაფრთხოების მიზნით თვითონ თქვა უარი.
“რადგან პირდაპირი სწავლის მომხრე ბევრი არ იყო, ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენც უნდა გადავიდეთ დისტანციურ სწავლაზე. თქვეს, ორი-სამი სტუდენტისათვის ლექტორებს ცალკე ვერ გადავუხდით და ცხრილს ვერ შევადგენთო.”
ბელა ზოპუნიანის კურსი 11 საგანს სწავლობს, მათგან სამში პრაქტიკული სწავლაა გათვალისწინებული. სტუდენტის თქმით, საგნები, რომლებშიც პრაქტიკის გავლა იყო საჭირო მეტი იყო, მაგრამ ლექტორებმა მხოლოდ სამი დატოვეს.
ბელა და მისი თანაკურსელები პრაქტიკას ან იანვარში ან თებერვალში, თითოეული სტუდენტის სურვილისამებრ ჩააბარებენ, თუმცა მან ჯერ არ იცის ამას როგორ შეძლებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექციისათვის ემზადება
ბელა სესიებისთვის გულმოდგინედ ემზადება. ყველა აუცილებელ ნივთს, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპიუტერთან ალაგებს, თითქოს კარადიდან ვერ აუღია იცბათ. ლექციის დროს ის დაძაბულად უყურებს ხან ეკრანს, ხან წიგნს, ეშინია რამე არ გამორჩეს. ბელა ყურსასმენებს არ იყენებს. ამბობს, რომ ის მეტ გაუცხოებას ქმნის და პასუხის დროს ხმა ცუდად ისმის.
ბელა ონლაინ გაკვეთილების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ოჯახისათვის, რომელიც კარგ სოციალურ მდგომარეობაში არ არის, ონლაინ სწავლა თბილისში ბინის ქირის გადასახადის გამოკლებას ნიშნავს. ამასთანავე დრო, რომელიც უნივერსიტეტში მისვლისათვის უნდა დახარჯო, შეგიძლია მასალის გამეორებისათვის გამოიყენო.
მაგრამ დისტანციურ სწავლაში ის ხედავს პრობლემებს, რომლებიც ცოდნას აზიანებს. ასე, სემინარების მსვლელობისას კითხვებზე პასუხის გაცემის დროს სტუდენტებს შეუძლიათ წიგნით სარგებლობა, რაც ცოდნის დონეს ამცირებს. ყველა პედაგოგი არ ითხოვს კამერის ჩართვას, გარდა ამისა ყველა ვერ ფლობს ინტერნეტს კარგად.
“როდესაც ოფლაინ გაკვეთილზე ხარ, გინდა არ გინდა პედაგოგს უსმენ, სახლში შეგიძლია სხვა რამეზე გადაერთო. არის ლექტორი, რომელიც ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია, მაგრამ არიან უფროსი ლექტორები, რომლებსაც უჭირთ ონლაინ სწავლება, ისინი ოჯახის წევრებს- შვილიშვილებს, რძლებს ან ქალიშვილებს სთხოვენ დახმარებას, ჩვენ ხომ ვხედავთ”.
ბელას არ შეუძლია მოეშვეს და ონლაინ სწავლების სხვა დადებითი მხარეებით ისარგებლოს. პირადი პრინციპით, ლექციის დროს ის ყავას არ სვამს და წახემსებაზეც უარს ამბობს. წესი მხოლოდ ერთხელ, ჩვენთან საუბრისას დაარღვია.
სპეციალობა ბელას საბოლოოდ ჯერ შერჩეული არ აქვს, მაგრამ ხშირად თავს ქირურგად წარმოიდგენს და ეს მას მოსწონს.
ონლაინ სწავლა ბელას კიდევ ერთ პრობლემას უმატებს, რომელიც საქართველოს ბევრ სტუდენტს არ აქვს. უნივერსიტეტი არა მხოლოდ სამედიცინო განათლების მიღების ადგილია, არამედ ადგილია, სადაც ის ქართულ ენას სწავლობს, რომლის ინტენსიური სწავლა უნივერსიტეტში ცოტახნის წინ დაიწყო. ონლაინ სწავლასთან ერთად მეგობრებთან კომუნიკაცია ნულზე დავიდა, რაც სახელმწიფო ენის შესწავლას აფერხებს.
ბელა ზოპუნიანი
განათლების პოლიტიკის ექსპერტი სიმონ ჯანაშია თვლის, რომ განათლების ხარისხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ასევე ადამიანის მიზანზე. მისი აზრით, თეორიული განათლება დისტანციურად საკმაოდ ხარისხიანად შეიძლება წარიმართოს.
“რა თქმა უნდა პრაქტიკა ჩამორჩება, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რომელ კურსზეა სტუდენტი. რა არის საჭირო, თეორია თუ პრაქტიკა. თუ სტუდენტი დამწყებ კურსზეა, რა თქმა უნდა მეტი თეორიაა საჭირო. მაგრამ სამედიცინო სასწავლებლების ბევრი სტუდენტი პრაქტიკას ახლა ყველაზე რთულ სიტუაციებში გადის, ინფექციურ განყოფილებებში ინფიცირებულების მკურნალობაში ეხმარებიან”.
სიმონ ჯანაშია იმის მომხრეა, რომ არ ვისხდეთ და დაკარგულ შესაძლებლობებსა და მხოლოდ მინუსებზე კი არ ვისაუბროთ, არამედ ვეძებოთ ახალი რეალობით შექმნილი ახალი შესაძლებლობები.
“დისტანციური სწავლების დროს შეიძლება პროფესორების მოწვევა, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადიან პრაქტიკას”,- ამბობს სიმონი.
COVID-19 ტოვებს კვალს ყველა სფეროში, ახლანდელი თაობის თითეულ წარმომადგენელზე. როგორი იქნება ქართული, დისტანციური ექიმების კოვიდ-თაობა?! ბელა ზოპუნიანი დარწმუნებულია, რომ მიზანდასახულობა დაეხმარება ყველა სირთულისა და დაბრკოლების გადალახვაში, რათა მიზანს მიაღწიოს.