17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია და მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვას.
ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს მშვენიერი ქალიშვილი ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305 -311წწ.) ცხოვრობდა და ეწამა.
დიოსკორემ გადაწყვიტა წმინდა ბარბარე ფარულად აღეზარდა. ამისთვის თავის მამულში კოშკი ააშენა, რომელშიც ბარბარეს გარდა მხოლოდ მისი წარმართი აღმზრდელი და მასწავლებლები ცხოვრობდნენ. ღვთის განგებით და ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მოხდა ისე, რომ მღვდელმთავარმა ბარბარე ქრისტიანულად მონათლა. როდესაც დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, განრისხდა. რისხვისგან გონებადაკარგულს მახვილით უნდოდა მისთვის თავი მოეკვეთა. ბარბარე გაექცა მამას და მთას მიაშურა.
იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.
წმინდა ბარბარეს წმინდა ნეშთებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა. ასევე იყო საქართელოშიც. წმინდა ბარბარეს საქრისტიანოში ბავშვთა მფარველად და შემწედ მიიჩნევენ.
წმინდა ბარბარესთან ერთად სიკვდილით დასაჯეს წმინდა იულიანა, რომელმაც წმინდა ბარბარეს წამების დროს თავი ქრისტიანად ღიად განაცხადა.
VI საუკუნეში წმინდა დიდმოწამის ნეშთი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. XII საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორის ალექსეი კომნენოსის ქალიშვილი (1081 – 1118), პრინცესა ვარვარა, ცოლად შეირთო რუსეთის კნიაზ მიხეილ იზიასლავიჩიმა და ნეშთი კიევში გადაიყვანა და დღემდე, ისინი კიევში, ვლადიმირის ტაძარშია დასვენებული.