სოფელ ვარევანში სასმელი წყლის პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობს. თითქმის ყოველწლიურად განხორციელებული პროგრამები შედეგს არ იძლევა. ზაფხულში და ზამთრის ნახევარში სოფლის მოსახლეობა წყლის გარეშე რჩებოდა. თუმცა, წლეულს პროექტმა გაამართლა, წყაროდან წყალი ჯერჯერობით მოედინება.
მრავალი წლის განმავლობაში სოფელ ვარევანში მცხოვრები 160 ოჯახი დარჩენილი იყო ყველაზე აუცილებლის, სასმელი წყლის გარეშე. მაგრამ, ამჯერად, სოფლის ცენტრში მდებარე წყაროდან წყალი უხვად მოედინება.
სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილია, როგორც იქნა სოფელში სასმელი წყალი არის.
“ნოემბრის დასაწყისიდან სასმელი წყალი უკვე გვქონდა, როგორც თქვენთვის ცნობილია, ტენდერი იყო გამოცხადებული. წყალი ჯერჯერობით მთელ სოფელს ყოფნის. ვიმედოვნებთ, ზაფხულშიც გვექნება წყალი, დადგება ზაფხული და ვნახავთ. ეს წყალსადენი მილი სოფელ სამსარიდან მოდის, თავიდან ეხტილადან ცდილობდნენ გაყვანას, მაგრამ წყალი ჩვენამდე ვერ აღწევდა”, – ამბობს სოფელ ვარევანის მცხოვრები, სპარტაკ სააკიანი.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წყლის პრობლემა ჰქონდათ.
სოფელ ვარევანის წყალსადენი მილი 2010 წელს გაიყვანეს. მაშინ დაახლოებთ 180 000 ლარი დაიხარჯა. რადგან მილი, რამდენიმე სოფელზე გადიოდა, იმ სოფლების მოსახლეობა სასმელ წყალს სარწყავად იყენებდა და წყალი სოფელ ვარევანამდე ვერ აღწევდა.
ჯერ კიდევ 2019 წელს მერიამ ახალი წყალსადენი მილის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა შესრულებულიყო, რაზეც 400 000 ლარი იყო გამოყოფილი.
თუმცა, წელს წარდგენილი იყო ახალი პროგრამა, კვლავ იყო გამოცხადებული ელექტრონული კონკურსი, რომლის გამარჯვებული გახდა შპს Universal Georgia 2008. თანხა 654 321 ლარს შეადგენდა. ამ პროექტის თანახმად სოფელ ვარევანში წყალი სოფელ დიდი სამსარიდან გაიყვანეს.
სოფელ ვარევანის უფლებამოსილი პირი სოფლის ყველაზე დიდ პრობლემას მოგვარებულად თვლის.
“სოფელში წყლის გასაყვანად 654 321 ლარი დაიხარჯა, სამუშაოები ელექტრონული ტენდერის პირობების თანახმად ჩატარდა. ვთვლი, რომ არც ზაფხულში უნდა შეგვექმნას სასმელი წყლის პრობლემა. თუმცა, წყალსადენი მილის გაკონტროლება საჭირო იქნება. არის პატარა მოგვარებადი პრობლემები, ყოველ დილით მე წყალსადენი მილის გარშემო დავდივარ იმის შესამოწმებლად, არის თუ არა პრობლემა”, – ამბობს სოფლის მცხოვრები მიშა სტეფანიანი.
ამ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ არ არის სარწყავი წყალი. ხოლო ვარევანში, მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევს. სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ თავიდან კარტოფილი კარგად იზრდება, მაგრამ შემდეგ წყლის არარსებობის გამო ხმება. სოფელში სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ამ პრობლემის მოგვარებაზე დახარჯულიყო. ვარევანში გადაწყვიტეს, ორი წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხით ეტაპობრივად ხელოვნური წყალსაცავი ააშენონ.
“წლეულს “სოფლის მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ჩვენ 15 000 ლარი გამოგვიყეს. ამჟამად ჩვენი სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულია, მაგრამარ გვაქვს აუზი, საიდანაც ცხოველები წყალს დალევენ და მიწებს მოვრწყავთ. ამიტომ სოფლის ზედა ნაწილში ხელოვნური ტბის გაკეთება გვინდა. გვაქვს ერთი ტბა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მთელი სოფლისათვის. სამშენებლო მასალა უკვე ვიყიდეთ, თუკი ხელისუფლება მომავალ წელსაც დაგვეხმარება, ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ”, – დასძენს სოფელ ვარევანის მკვიდრი, მიხეილ სტეფანიანი.
სოფელი ვარევანი უკვე ერთ თვეზე მეტია სასმელი წყლის გარეშეა
სოფელ ვარევანში ახალი წყალსადენი ხაზის მშენებლობა დაიწყება
სოფელ ვარევანში წყალმომარაგების სისტემას ხელახლა გაიყვანენ
ვარევანის წყლით უზრუნველყოფის კიდევ ერთი მცდელობა