ახალქალაქში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების მფლობელები, ასევე ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები წუხან, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვაჭრობა შეჩერდა. მოვაჭრეებს წინასაახალწლო ვაჭრობის იმედი აქვთ.

სასურსათო მაღაზიებში წინასაახალწლო არეულობა იგრძნობა. თუმცა, დეკემბრის შესაფერი არეულობა სხვა მაღაზიებში არ არის. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების მფლობელები, ასევე ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით ვაჭრობა თითქმის არ არის.

“დილიდან ჯერ არაფერი გაყიდულა, მყიდველები არ არიან”, – ამბობს ასტხიკ სტამბოლციანი.

4

მოვაჭრეებს ჯერ სასექტემბრო ვაჭრობის იმედი ჰქონდათ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. ახლა კი, როგორც ისინი ამბობენ, წინასაახალწლო ვაჭრობას ელოდებიან.

ცოვინარ ირიციანის თქმით, გაზაფხულის სეზონის ტანსაცმელი ჯერ კიდევ ვერ გაუყიდია. თუმცა, გეგმავს ახალი საქონლის შესაძენად თბილისში ჩავიდეს.

“24 დეკემბრის შემდეგ, ლილო გაიხსნება, თბილისში ჩავალ და ახალ საქონელს ჩამოვიტან, ვნახოთ, იქნებ გავყიდო”, – ამბობს ის.

2

მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის შედეგები ცუდად აისახა, როგორც გამყიდველებზე, ასევე მყიდველებზე.

“ადრე თითოეული ოჯახიდან ერთი მაინც დადიოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, თუმცა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრმა ვერ მოახერხა წასვლა. ამიტომ ხალხი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა”, – ამბობს ტანსაცმლის ბაზრობის ერთ-ერთი გამყიდველი.

ასტხიკ კურკჩიანის თქმით, მყიდველები თითქმის არ არის, საქონელიც ცოტაა, რადგან საზღვრებია დაკეტილი.

“მყიდველი თითქმის არ არის. საქონელიც ცოტაა, რადგან საზღვრები დაკეტილია და ახალი საქონლის ჩამოსატანად სხვა ქვეყნებში წასვლა არ შეგვიძლია. ამ ეტაპზე ლილოც დაკეტილია”, – ამბობს ის.

1

გამყიდველების თქმით, რადგან ლილო დაკეტილია, ისინი თბილისში არ მიდიან, საბითუმო საქონლით მოვაჭრეებს თვითონ ჩამოაქვთ, მაგრამ ამას თავისი უარყოფითი მხარე აქვს.

“ადრე თბილისში ჩვენ თვითონ ვყიდულობდით საქონელს, შემდეგ აქ ვყიდიდით. ამჟამად თვითონ ჩამოაქვთ აქ და ბევრად ძვირად ყიდიან. რასაკვირველია ჩვენც შედარებით ძვირად უნდა გავყიდოთ,” – ამბობს ტანსაცმლის ბაზრობის ერთ-ერთი გამყიდველი.

მათი მტკიცებით, შარშან ის დღეში 300 ლარს და მეტს ვაჭრობდა, ახლა 5-7 დღეში არ შეუძლია გასული წლის დღიური შემოსავლის მიღება.