ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს.
როგორც კარლ ჰარცელმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერაზე საუბრისას ინტერვიუში აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ. ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოს უკვე გადასცეს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით ორი მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა.
„აგრეთვე ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მოუთმენლად ველი.
ვცდილობთ, დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს ცხრა ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.