საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.

საკითხს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.

სხდომას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები.