ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის ახალგაზრდობას სპორტით დაკავება სურს, თუმცა ამის შესაძლებლობა არ აქვს. როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, სოფელში არის სპორტული დარბაზი, თუმცა არ არის ტრენერი.
სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა- არ არის ნორმალური გზა, არის სასმელი წყლის უკმარისობა, ხოლო ყველაზე მთავარი- ახალგაზრდობას სპორტით დაკავება სურს, მაგრამ სოფელში ტრენერის არარსებობის გამო ამის საშულება არ აქვს. როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, სოფელში არის სპორტული დარბაზი, მაგრამ ტრენერი არ არის. მათი თქმით, ყოველ დღე ბავშვების სავარჯიშოდ ქალაქში მოყვანის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს.
13 წლის ნარეკ აგაბაბიანი თავისუფალ დროს უფროსებთან ერთად ატარებს. “ვარჯიშის შესაძლებლობა რომ მქონოდა, აქ უფროსებთან ერთად არ ვიჯდებოდი. სოფელში არ არის ტრენერი, ქალაქში სიარულის შესაძლებლობაც არ არის”,- ამბობს ის.
“სპორტით დაკავება სოფელში ბევრს უნდა, ზოგს კრივი იზიდავ, ზოგს კარატე და ასე შემდეგ. პირადად მე მიყვარს ფეხბურთი და კრივი”,- ამბობს მე-8 კლასის მოსწავლე არმან არუთუნიანი.
სოფლის მოსახლეობა მზად არის ვარჯიშისთვის თანხა გადაიხადოს, მთავარია ხელისუფლებამ ბავშვების ტრანსპორტირებისათვის სამარშრუტო მანქანა გამოყოს.
“რა თქმა უნდა, ახლა არა, ვიცით, რომ დღეის მდგომარეობით კორონავირუსის გამო სპორტული დარბაზები მთელს ქვეყანაშია დაკეტილი”,- ამბობს კოსტან ნორვარდიანი.
სოფელ ბურნაშეთიდან მხითარ მურადიანი განმარტავს, რომ კულტურის სახლში არის სპორტული დარბაზი, შესაძლებელია ტრენერის დანიშვნა, რათა მან ადგილზე ამეცადინოს ბავშვები იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტის გამოყოფა არ არის შესაძლებელი.
როგორც კი ქვეყანაში COVID-19-თან დაკავშირებით სიტუაცია მოგვარდება, სოფლის მოსახლეობა შესაბამის უწყებებში მიმართვას აპირებს, რათა მათი თხოვნა შეასრულონ.
სოფელ ბურნაშეთში დაახლოებით 130 ოჯახი ცხოვრობს.