ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში ზამთრის დასვენების ცენტრმა მუშაობა თებერვლიდან განაახლა. ცენტრს ძირითადად სოფლის მოსწავლეები სტუმრობენ. ზამთრის კურორტზე უფასოდ დასვენების აქტიური მსურველები ნაკლებია.
ვინაიდან წელს საკმარისი რაოდენობის თოვლი არ იყო, შარშანდელთან შედარებით ზამთრის კურორტმა მუშაობა საკმაოდ გვიან დაიწყო.
ცენტრი ყოველდღე 14:00-დან 17:00 საათამდე მუშაობს, თუმცა სოფლის მაცხოვრებლების გარდა, სხვა დამსვენებლები ძალიან ცოტაა.
პატარა სახლში, რომელიც ნაძვებს შორისაა განლაგებული, არის ყველა პირობა იმისათვის, რომ დამსვენებლებს კომფორტი მოუწყონ.
ტრენერის, სპირიდონ უნანიანის, თქმით, ცენტრის შეთავაზებული ყველა მომსახურება სრულიად უფასოა.
აქ ძირითადად სოფლის მოსწავლეები დადიან. ხანდახან ცენტრს სტუმრობენ მეზობელი სოფლებიდან და ახალქალაქიდან, თუმცა ასეთი დღეები ცოტაა.
«წელს მუშაობა საკმაოდ გვიან დავიწყეთ, თუმცა ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ეს ამინდზეა დამოკიდებული»,- ამბობს სპირიდონ უნანიანი.
ტრენერის, მერუჟან ქურდოღლიანის, თქმით, საჭიროა მინიმუმ 20სმ თოვლი და ძლიერი ყინვა, რათა ხალხმა თხილამურებით სრიალი მოახერხოს.
ცენტრში 2 ტრენერი მუშაობს. ისინი დიდი სიყვარულითა და გულისხმიერებით ასწავლიან ყველას სრიალს.
ცენტრს ყოველდღიურად დაახლოებით 50 ადამიანი სტუმრობს. ისინი ძირითადად სოფლის სკოლის მოსწავლეები არიან. სპირიდონ უნანიანის თქმით, ცენტრში რამდენიმე პრობლემა არის: თხილამურებისა და სპორტული ფორმის ნაკლებობაა…
ტრენერის მტკიცებით, ცენტრის სტუმრობა შეუძლია 7 წლიდან ზემოთ ყველა მსურველს, ბიჭებს და გოგონებს.
თუ დამსვენებლებს თხილამურებზე სრიალი არ შეუძლიათ, ისინი პირველ რიგში, სრიალს პატარა მონაკვეთზე სწავლობენ, როდესაც ისწავლიან, საბაგიროთი სათხილამურო გზის დასაწყისში ადიან, რომელიც სპეციალურად მოთხილამურეებისათვის არის განკუთვნილი და სრიალებენ ქვემოთ.
სათხილამურო ტრასა 280 მეტრს შეადგენს.
მთავარ სათხილამურო ტრასაზე მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ სრიალი.