საქართველოში სამედიცინო პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ასევე ღია ტერიტორიებზეა სავალდებულო; ის ადამიანები, ვინც პირბადეს არ იკეთებენ, დაჯარიმდებიან 20 ლარით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მთელ ქვეყანაში, მასშტაბურ კონტროლს ახორციელებენ, რათა იყოს დაცული დაწესებული წესები. თუკი ადრე მკაცრი კონტროლი მხოლოდ ახალქალაქში ტარდებოდა, ახლა ის უკვე სოფლებშიც ხორციელდება.
გუშინ, სოფელ ხულგუმოში ორი მოქალაქე ქუჩაში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დააჯარიმეს, ასევე სოფელ ბარალეთის საზოგადოებრივი ცენტრის მახლობლად მყოფი რამდენიმე ადამიანი დაჯარიმდა.
თუკი ეპიდემიის საწყის პერიოდში პირბადეების უკმარისობა იგრძნობოდა, და მოქალაქეებისთვის რთული იყო მათი ნახვა, ახლა უკვე ყოველ ნაბიჯზეა შესაძლებელი ნებისმიერი რაოდენობისა და სხვადასხვა ღირებულების პირბადის ყიდვა.
პირბადეების ღირებულება, როგორც აფთიაქებში, ასევე მაღაზიებში იწყება 30-40 თეთრიდან და 45 ლარს აღწევს.
პირბადეების უკმარისობა არც სოფლის მაღაზიებში შეინიშნება. სოფლის მაღაზიებში ფასი 30-40 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს წარმოგიდგენთ, რომელიც რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გამოვლენილი დარღვევის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით შეჯამდა.
გამოვლინდა დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1 055 შემთხვევა.
24 საათის განმავლობაში 950 ფიზიკური პირი დაჯარიმებული იყო ადმინისტრაციული კანონდარღვევის შესახებ კოდექსის მე-11 ნაწილის 42-ე მუხლით, რომელიც პირბადის ტარების წესის დარღვევის ჯარიმას გულისხმობს.
ადმინისტრაციული კანონდარღვევის შესახებ კოდექსის მე-10 ნაწილის 42-ე მუხლის თანახმად პოლიციის თანამშრომლების მიერ 105 ადამიანი დაჯარიმდა.
დაჯარიმებულ მოქალაქეებს შორის არის ასევე საღამოს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვის რეჟიმის დარღვევა.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია საგანგებო მდგომარეობა დაიცვას და ჯანდაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები გაითვალისწინოს. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დაიცვან მოქმედი ზომები. პირბადის ტარების წესის დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მე-11 ნაწილის 42-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირები ჯარიმდებიან 20 ლარით. თვითიზოლირების ან კარანტინის წესების დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მე-10 ნაწილის 42-მუხლის თანახმად ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები- 10 000 ლარით. ხელმეორე დარღვევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.