ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან მრავალჯერადი საჩივრების შემდეგ არცერთი მათი პრობლემა არ მოგვარებულა. აქ დღემდე არ არის ბუნებრივი აირი, და სოფელში მცხოვრები 35 ოჯახი, ღუმელში კვლავ წივას წვავს.

2

სოფლის მოსახლეობის თქმით, მოუგვარებელი პრობლემები და ცხოვრების ცუდი პირობები სოფლიდან დიდი ემიგრაციის მიზეზი გახდა, რომელიც დღემდე გრძელდება.

“ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი, აქ მხოლოდ პრობლემებია. ჩემი შვილები სოფლიდან წავიდნენ, აქ ცხოვრება არ უნდათ, ამბობენ, პირობები არ არის”,- ამბობს სოფლის მცხოვრები ვარდან ჩახალიანი.

როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, ისინი 21-ე საუკუნეში ცხოვრობენ, მაგრამ იმისათვის, რომ სახლი გაათბონ, ღუმელში წივას წვავენ. ჩახალიანის თქმით, დეფიციტის გამო წელს სოფელში თითქმის ვერავინ მოახერხა შეშის ყიდვა.

სოფლის მოსახლეობის თქმით, ყველა მეზობელი სოფელი, მათი სოფლის გარდა, გაზიფიცირებულია. როგორც ისინი ამტკიცებენ, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა მათი პრობლემების მოგვარებას არავინ აპირებს.

“ყოველ წელს გვპირდებიან ბუნებრივი აირის გაყვანას, პრობლემების მოგვარებას, თუმცა არჩევნები გადის და ყველაფერი ავიწყდებათ”,- ამბობს სოფლის მცხოვრები.

1

“სოფელ მოდეგამის ყველაზე დიდი პრობლემა- ბუნებრივი აირის არარსებობაა. გაზსადენი მილი სოფლიდან 1000-15000 მეტრშია, მაგრამ სოფელში ბუნებრივი აირი გაყვანილი არ არის. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო მოსახლეობა, თანდათანობით, სხვაგან გადადის საცხოვრებლად”,- ამბობს დავიდ ჩახალიანი.

როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, ადრე სოფელში 70 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა დაახლოებით 35 ოჯახია დარჩენილი.

3

სოფელ მოდეგამში მერის წარმომადგენლის არამაის ჩახალიანის თქმით, მერიაში ამბობენ, რომ გაზგამანაწილებელი კომპანია კერძოა, და ვერავინ დააძალებს რომელიმე სოფელს ბუნებრივი აირი გაუყვანოს.

“გაზგამანაწილებელ კომპანიაში ამბობენ, რომ დაშორებულ პატარა სოფელში ბუნებრივი აირის გაყვანა არ აწყობთ”,- ამბობს ის.

“სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ სახელმწიფო როგორმე დაეხმაროს, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დახმარება იქნება. თუკი ამ ეტაპზე შეუძლებელია სოფელში ბუნებრივი აირის გაყვანა, დაგვეხმარონ სხვაგვარად, მთავარია დაგვეხმარონ რთული სიტუაციის გადალახვაში, შეშით ან სხვა რამით”,- ამბობს სოფლის მცხოვრები.