მთელი მსოფლიო ემზადება ახალი წლისათვის, ქალაქებს რთავენ და ნაძვის ხეებს დგამენ, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო, მასობრივი დღესასწაული უმეტესად არ ჩატარდება, ახალქალაქელებს ვირუსის გარდა სხვა მიზეზიც აქვთ, რის გამოც აღნიშვნა არ უნდათ. ისინი მთიან ყარაბაღის ომში დაღუპული თანამემამულეებს გლოვობენ.
ბოლო ხანებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საახალწლო დღესასწაულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 100 ლარის გამოყოფის საკითხი განიხილებოდა. აღნიშნული თანხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ქალაქის საახალწლო განათების, ტკბილეულისა და ფეიერვერკების შესაძენად ითხოვდა, ამ თანხაში შედიოდა ასევე ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟი.
საახალწლო მორთულობებისთვის ახალქალაქის მერიამ 14 100 ლარი მოითხოვა
აღნიშნული საკითხის განხილვამ სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია, ახალქალაქელები ამ განხილვის მასალის ქვეშ აღმაშფოთებელ კომენტარებს წერდნენ. ახალი წლის აღნიშვნისთვის მოთხოვნილი თანხა ბიუჯეტიდან არ გამოყვეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პაკეტი მერიას ზუსტად ახალი წლის აღნიშვნისთვის მოთხოვნილი თანხის შესასწორებლად დაუბრუნა. შესწორებების რეკომენდაციებში საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი თანხა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, მხოლოდ ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის დანახარჯი უნდა დარჩეს.
ახალქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები საახალწლო მორთულობების გამო არ იყო მიღებული
Jnews-მა ორი გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაარკვიოს, რას ფიქრობენ ახალქალაქელები, ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი წლის დღესასწაული უნდა დაგეგმოს თუ არა. ერთი გამოკითხვა ჩატარდა ონლაინ, ხოლო მეორე ქალაქის ქუჩებში.
ონლაინ-გამოკითხვა Jnews-ის Facebook გვერდზე და Javakheti news ჯგუფში იყო განთავსებული. გამოკითხვაში Facebook-ის სულ 131 მომხმარებელი მონაწილეობდა.
Jnews-ის გვერდზე გამოკითხვაში ამ დროისთვის 81 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ყველა მათგანმა ერთხმად “კატეგორიულად არა” აღნიშნა. არც ერთი კომენტარი არ გაკეთებულა ახალი წლის დღესასწაულის ჩატარების მხარდასაჭერად. რაც შეეხება Javakheti news ჯგუფს, 44 მომხმარებელმა აღნიშნა – “არა”, დღესასწაულის ჩატარების მომხრე იყო 6 ადამიანი. საბოლოოდ გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 4,6% იყო დღესასწაულის მომხრე.
გამოკითხვის მონაწილეებმა კომენტარი გააკეთეს, თუ რატომ სურთ, ან არ სურთ დღესასწაული.
– “რა თქმა უნდა, არა. თუკი ჩვენ სომხები ვართ, გლოვა გვაქვს. ეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია”,- წერს FB-ს მომხმარებელი ვარდუი ვარდიკიანი.
– “არცერთ სომეხს არ აქვს ნაძვის ხის და მორთულობების თავი. ეს ყველაფერი მათ გაუხარდებათ, ვისაც არ უნახავს ომის უბედურებები-ბავშვებს”, – წერს ლილით აბგარიანი.
– “არა, რა თქმა უნდა. ყოველ სომხურ ოჯახში დაღუპულ, უდაშაულო ახალგაზრდებს გლოვობენ…”, – წერს კარინე თოპალიანი.
– “რა თქმა უნდა, არა. სახლში, რაც გინდათ გააკეთეთ, არ არის სურვილი, გული, რა ნაძვის ხე. ვისთვის, რისთვის. ამ თანხის დახარჯვა შეიძლება უფრო საჭირო რაღაცებისთვის. არის იმდენი სოფელი, რომლებიც წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე არიან”, – წერს არმინე იგიტხანიანი.
– “ისევე, როგორც ნინოწმინდაში არ არის საჭირო აღნიშვნა. ამ თანხით საავადმყოფოსთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატის ყიდვა შეიძლება”, – კომენტარს აკეთებს ნინოწმინდიდან ჟორ ბდოიანი.
ქუჩაში ჩატარებულმა გამოკითხვამ სხვა შედეგები მოგვცა. 21-მა შემთხვევითმა გამვლელმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 6 ადამიანმა აღნიშნა, რომ ახალი წლის აღნიშვნა საჭიროა, თუნდაც მოკრძალებულად. 5-მა ადამიანმა შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. 1 ადამიანმა გვიპასუხა, რომ არ იცის. დანარჩენმა 9 ადამიანმა გვიპასუხა, რომ მთიან ყარაბაღში მომხდარი მოვლენის გამო, ახალი წლის აღნიშვნა არ არის საჭირო.
– “მე მაინც ვთვლი, რომ აღნიშვნა საჭიროა, არა მასშტაბურად, გასაგებია რატომ, მაგრამ ჩვენ გვყავს შვილები და არ გვინდა მათ ავუხსნათ, რა არის ომი. შეუძლებელია მათთვის იმის თქმა, რომ ნაძვის ხე არ იქნება, ისინი ბავშვები არიან, მათ დღესასწაული სჭირდებათ. ჩვენ ნაძვის ხე დავდგით, მაგრამ დაღუპული ახალგაზრდების წინაშე სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ”, – ამბობს რესპოდენტი, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ ვინაობის გამხელა.
ყარაბაღის ომმა და Covid-19-მა ახალქალაქელების ცხოვრება უფერული გახადა იმდენად, რომ წელიწადში ერთადერთი დღესასწაულის აღნიშვნის სურვილიც არ აქვთ, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ.