კორონავირუსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სწრაფად ვრცელდება, როგორ ებრძვიან ექიმები ვირუსს, რა ზომები მიიღება, რომელ ავადმყოფებს უტარებენ ტესტირებას და რამდენად გადატვირთულია საავადმყოფოს მუშაობა. ამ და სხვა პრობლემებზე JNEWS-ს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე თოროიანი ესაუბრა.
– კორონავირუსთან დაკავშირებით რა ვითარებაა ამჟამად ახალქალაქში? დღესდღეობით რა სირთულეები და წინსვლა გვაქვს?
– პირველ რიგში, წინსვლაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. ვითარება საკმაოდ სერიოზულია, შემიძლია ვთქვა, რომ კონტროლს აღარ ექვემდებარება, როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე ჩვენს რეგიონში. ჩვენ სრულიად უკონტროლო სიტუაციაში ვიმყოფებით.
– თქვენი გადმოსახედიდან, დღესდღეობით ჩვენი მოსახლეობის, რა პროცენტია კორონავირუსით ინფიცირებული?
– ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობად დიდია. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის 70% უკვე დაავადებულია. ზოგიერთი გამოჯანმრთელების სტადიაში გადადის, ზოგი კი, ე.წ. დაავადების ცენტრშია, პიკზე.
ვფიქრობ, უარესი წინ გველოდება, რადგან ჩვენთან მოსულ პაციენტთა რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა. ტესტების რაოდენობაც გავზარდეთ და თითქმის ყველა პაციენტი დადებით პასუხს იღებს.
– როგორ მოხდა, რომ ვითარება ასე გართულდა, რაში მდგომარეობს მიზეზი? ინფექციის გავრცელების პირველ ეტაპზე ხომ ჩვენს რეგიონში დაავადების შემთხვევები არ რეგისტრირდებოდა?
ეს იმას ასაბუთებს, რომ უპასუხისმგებლოდ ვიქცევით, ისევე, როგორც ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მოსახლეობა. ზუსტად დემონსტრაციებმა და არჩევნებმა გამოიწვია ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში, როცა სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ახლა ჩვენთან ყოველდღიურად 4-დან 5000-მდე პაციენტი იღებს ტესტირების დადებით პასუხს, მათ შორის ჩვენი რეგიონი, რომელიც გამონაკლისი ვერ გახდა. სამწუხაროდ, ეს გაკვეთილი არ იყო მოსახლეობისთვის. დღემდე ხალხი საავადმყოფოში მთელ ნათესაობასთან და სამეგობროსთან ერთად მოდის, იქნება ოპერაცია, თუ ბავშვის დაბადება. ჩვენი ხალხი განაგრძობს დაბადების დღეების, ნათლობის და სხვადასხვა ღონისძიების აღნიშვნას. გაკვეთილი ვერ გავითავისეთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ჯგუფებად იკრიბებიან, დამცავი საშუალებების გარეშე მიდიან მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად. როდესაც ხალხს შენიშვნას აძლევ, სამედიცინო მუშაკებს უყვირიან და ასე შემდეგ.
– ბოლო პერიოდში ნინოწმინდის საავადმყოფოში კორონავირუსის სპეციალური ცენტრი გაიხსნა, ამან რამდენად შეამცირა დატვირთვა?
დიახ, ნინოწმინდის საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებულებისთვის ცენტრი გაიხსნა, მაგრამ ე.წ. განტვირთვა არ ყოფილა. ახალციხეშიც გაიხსნა ახალი ცენტრი. რასაკვირველია, 10-15 საწოლი არაფერს ცვლის, იმდენად ბევრია დაავადებული, რომ 15 საწოლი – ზღვაში წვეთია.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? პაციენტების რაოდენობა საშინლად ბევრია, საავადმყოფოს საწოლები გადატვირთულია, თითოეული პაციენტისთვის ცალკე ადგილი არ არის. ეჭვქვეშ მყოფ პაციენტებს 2-3 დღით ჩვენს საავადმყოფოში ათავსებენ, თუკი პასუხი დადებითია, აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში მოთავსება, თუკი არის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის შეერთების აუცილებლობა, ეს პაციენტები ჩვენთან რჩებიან, რადგან Covid-საავადმყოფოებში ადგილი საერთოდ არ არის.
– როგორია ტესტებთან დაკავშირებით მდგომარეობა? ყოველდღიური სტატისტიკით ახალქალაქში დღეში, საშუალოდ 4-5 შემთხვევაა, მაგრამ პაციენტების რეალური რაოდენობა განსხვავებულია.
რეალურად ბევრი მოდის საავადმყოფოში და აუცილებლად უნდათ ტესტირების გავლა. უხსნი, რომ აუცილებლობა არ არის, საავადმყოფოში მისვლა უკვე არის სარისკო, არ არის გამორიცხული, რომ უშუალოდ საავადმყოფოში დაინფიცირდეს და ა.შ. თუკი ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ტესტირება უნდა გაიაროს, ტესტი უნდა გაიკეთოს და წერტილი, რაც არ უნდა უთხრა, არ გისმენენ. თუკი ტესტირებას არ უკეთებთ, პაციენტს სწყინს, ფიქრობს, რომ საავადმყოფოში ცუდად მოექცნენ. როდესაც ეუბნები, რომ ვალდებული ხართ სოციალური დისტანცია დაიცვათ, თავდაცვის ზომები გამოიყენოთ, მისთვის სულ ერთია, ის უბრალოდ ამას არ იღებს. სხვა სიტყვებით, ხალხი ფიქრობს, რომ მათ გარდა ყველაა პასუხისმგებელი და ვალდებული.
– როგორ და ვისი მითითებები უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც კორონავირუსით არიან დაავადებულნი, სახლის პირობებში გადიან მკურნალობას და ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ?
არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც Covid-ის მარტივი ფორმის მქონე პაციენტებს საავადმყოფოში მისვლას უკრძალავს, ანუ იმ პაციენტებს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემა, მოწყობილებაზე მიერთების მაჩვენებელი არ აქვთ, მათ სახლის პირობებში უნდა იმკურნალონ. სახლში მკურნალი ადამიანებისთვის შეიქმნა სოციალური ქსელი, ამბულატორიული დახმარების ოჯახის ექიმის მომსახურება ჯანდაცვის სამინისტროს ქსელთან ერთად. აქ სოფლის და უბნის ექიმები მუშაობენ. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი უბნის ექიმი, ჩვენ ამ საკითხშიც გამოვავლინეთ მინუსები, არის პრობლემები. პაციენტს უბნის ექიმის ტელეფონის ნომერი უნდა ჰქონდეს, რათა ექიმისგან მიიღოს მითითება, რის მიხედვითაც იმკურნალებს სახლში ან აუცილებლობის შემთხვევაში გადაიყვანენ საავადმყოფოში.
– ახალქალაქის რაიონში დღეში რამდენი ტესტი კეთდება?
ახალქალაქში ყოველდღიურად საშუალოდ 20-30 ტესტირება ტარდება. ეს ცოტა არ არის, რადგან ტესტირება განაცხადის შეტანის შესაბამისად და სამედიცინო მაჩვენებლების თანახმად კეთდება. შემიძლია ვთქვა, რომ ხალხი თავდაპირველად ჩვენ არ მოგვმართავს, მალავს, ხოლო როდესაც სიტუაცია კრიტიკული ხდება, ამ შემთხვევაში მიმართავს საავადმყოფოს. მოსახლეობაში ფართოდ არის გავრცელებული თვითმკურნალობა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში სოფლის ექიმს მიმართოთ. ჯანმრთელობას არ ეხუმრებიან. საკუთარი თავი შეიცოდეთ, შემდეგ კი ჩვენ შეგვიცოდეთ, რათა მოვახერხოთ ამ კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაღწევა.
– როგორც ცნობილია, ახალქალაქის საავადმყოფოს თანამშრომლების უმეტესობა ინფიცირებულია, როგორია მათი მდგომარეობა, როდის დაუბრუნდებიან სამუშაოს?
ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ, ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა სამუშაოს დაუბრუნდა. მართალია, ზოგიერთი ძველებურად თვითიზოლირებულია, რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია, ხოლო ერთი ნაწილი სამუშაოს კვირის ბოლოს დაუბრუნდება.
– რით განვასხვავოთ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსისგან?
ისინი, პრინციპში, არაფრით განსხვავდებიან. კორონავირუსის შემთხვევაში მე-4 მე-5 დღეს სხვა სიმპტომები უერთდება, როგორიცაა სუნისა და გემოს დაკარგვა, მთელი სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, აბსოლუტური სისუსტე, რომლის დროს ადამიანს სიარულიც კი არ შეუძლია. აი, რატომ ვამბობთ, რომ, რომელიმე სიმპტომის არსებობისას, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს და თვითმიზანი არ უნდა გქონდეთ, რომ აუცილებლად გაიაროთ ტესტირება. საჭიროა ექიმის რჩევების გათვალისწინება.
რეკომენდაციას გიწევთ მიირთვათ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები – ხილი, ბოსტნეული, С ვიტამინით მდიდარი პროდუქტები და, რატომაც არა, С ვიტამინით მდიდარი სააფთიაქო პრეპარატები, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ბავშვებთან ერთად მასობრივი შეკრების ადგილებს.
– რას ურჩევდით ჩვენს მოსახლეობას?
ჩემი განსაკუთრებული თხოვნაა – დაიცვან უსაფრთხოების წესები. ძვირფასო ადამიანებო, გაიკეთეთ პირბადე, რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები, რეგულარულად გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები, მასობრივი შეკრების ადგილებს მოერიდეთ და ძირითადად, სოციალური დისტანცია დაიცავით, გამოიჩინეთ სამოქალაქო თვითშეგნება. დღეს, ვართ რთულ მდგომარეობაში, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება.
წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი უპასუხისმგებლოები ვიქნებოდით, ამან მოგვიტანა ის, რაც დღეს გვაქვს. ძალიან ბევრი ლეტალური შემთხვევაა ჯავახეთშიც, ნინოწმინდაშიც, ახალციხეშიც, თბილისშიც. თუ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან, ნათესავების, მეგობრების, მშობლების და გარშემომყოფების ჯანმრთელობის მიმართ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. თუ არა, წარმოგენაც მიჭირს, რით დასრულდება ეს ყველაფერი.