წყალთბილაში გარდაცვლილი მამა-შვილის ოჯახის წევრები ჯანდაცვის უწყებას უყურადღებობაში ადანაშულებენ. ოჯახის დიასახლისი ირწმუნება, რომ სასწრაფომ მისი შვილი საავადმყოფოში არ გადაიყვანა, კლინიკამ კი მისი მეუღლე უკან გამოაბრუნა. კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები მეოთხე დღეა ცოცხლად დარჩენილ დედა-შვილს აღენიშნება, თუმცა 112-ში დაკავშირებას ვერც ისინი ახერხებენ.
ქოსიანების ოჯახის ორმა წევრმა თავი ცუდად 16 ნოემბერს იგრძნო. ხველა, მაღალი სიცხე და ბეჭების ტკივილი ქალიშვილსა და მამას თითქმის ერთდროულად დაეწყოთ. სოფლის ექიმმა მკურნალობის გაგრძელება მამა-შვილს საავადმყოფოში ურჩია. ანა ქოსიანი ირწმუნება, რომ გამოძახებული სასწრაფო სამი საათის დაგვიანებით მივიდა, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი საავადმყოფოში არ გადაიყვანა. წყალთბილაში კი კოვიდ19-ის შიშით, ოჯახის მანქანის მართვას სოფლიდან არავინ დათანხმდა.
სასწრაფოს წასვლის შემდეგ 40 წლის ქალი მალე გარდაიცვალა. თუმცა ტრაგედია ამით არ დასრულებულა. ქოსიანების ოჯახის ნათესავი იხსენებს, რომ რამდენიმე საათში მამის მდგომარეობაც დამძიმდა. ლიდა პოღოსიანი სასწრაფო დახმარების გარდა უყურადღებობაში კოვიდკლინიკასაც ადანაშაულებს.
აკოფ ქოსიანი კლინიკა იმედში 23 ნოემბერს მივიდა. პაციენტის რეგისტრაციის მიუხედავად ექიმის ჩანაწერი არსად ჩანს, რის გამოც კლინიკის დირექტორი ვარაუდობს, რომ ქოსიანებს პისიარტესტის გაკეთება სურდათ. ლიმიტირებული ტესტირების გამო კი ქოსიანები მომდევნო დღეს დაიბარეს.
წყალთბილას და კიდევ ოთხ სოფელს მხოლოდ ორი ექიმი ცოლ-ქმარი მარია კარაკეზიანი და ვაჰან ვაჰანიანი ემსახურება. მარია ამბობს, რომ ქოსიანების მიმართვისთანავე მან სასწრაფო გამოიძახა. ექიმი იმასაც აღნიშნავს, რომ გამწვავებული ეპიდსიტუაციის გამო კოვიდ19-ზე ყველა მათგანი ვერ იტესტება.
ოჯახის ორი წევრის დაკრძალვის შემდეგ სიცხეები დედა-შვილსაც დაეწყო. მესამე დღეა ორივე მათგანს ხველა და ტემპერატურა აქვს. წყალთბილიდან 112-ზე დაკავშირებას კი ვერც ისინი ახერხებენ.
წყარო: tv9news.ge