საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის დროს ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში გამოაცხადა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში 545 მლნ. ლარი დაიხარჯება და კომპენსაციით 500 ათასზე მეტი პირი ისარგებლებს, იმ მოქალაქეების გამოკლებით, რომლებიც კომუნალური მომსახურების გადასახადების სუბსიდირებით სარგებლობენ.
წარმოგიდგენთ ანტიკრიზისული გეგმის დეტალებს, რომლის მიხედვით ნათელი ხდება ვის ეკუთვნის დახმარება და ვის არა.
კომუნალური გადასახადების სუბსიდიები
– ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, 4 თვის განმავლობაში იმ მოქალაქეების კომუნალური გადასახადები დაიფარება, რომლებიც არაუმეტეს 200 კილოვატის ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრი ბუნებრივ აირს მოიხმარენ. ამ პროგრამით, ხელისუფლების გეგმით, დაახლოებით 1 მილიონი ოჯახი ისარგებლებს. პროგრამისთვის გათვალისწინებულია 270 მლნ. ლარი.
1200 ლარი, ვინც სამსახური დაკარგა
– ფორმალური მომუშავეები, რომლებმაც დროებით დაკარგეს სამსახური და საშემოსავლოს იხდიან, 2021 წელს 6 თვის განმავლობაში ყოველ თვეში 200 ლარს მიიღებენ. იმ ადამიანების დაახლოებითი რიცხვი, რომლებიც აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ – 125,000 ადამიანი. პროგრამის ბიუჯეტი – 150 მლნ. ლარი.
300 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება
300 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას იმ ობიექტების მომუშავეები და ინდივიდუალური მეწარმეები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში დაწესებული შეზღუდვების შედეგად შემოსავალს არ მიიღებენ. პროგრამით დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ისარგებლებს, გათვალისწინებულია – 30 მლნ. ლარი.
600 ლარის ოდენობის კომპენსაცია
– აღნიშნულ პროგრამას მიიღებს შემდეგი კატეგორია:
– ოჯახები, რომლებსაც 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულა აქვს, რომლებიც სოციალურ სააგენტოში გაჭირვებულთა სიაში შედიან, იანვრიდან 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 100 ლარს მიიღებენ (ეს კომპენსაცია ოჯახის წევრების რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრება). აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს 72 000-მდე ოჯახი (220 პირი), ხოლო გათვალისწინებული ბიუჯეტი 55 მლნ. ლარს შეადგენს.
– ასევე, იანვრიდან ივლისის ჩათვლით 6 თვის განმავლობაში 100 ლარს მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 0-დან 100 000-მდე სოციალური ქულა აქვთ, და ვისაც 16 წლამდე 3 ან მეტი ბავშვი ჰყავს. გამოთვლილია, რომ ამ დახმარებით 24 000 ოჯახი ისარგებლებს. ბიუჯეტი 15 მლნ. ლარს შეადგენს.
– 100 ლარს 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივლისი) მიიღებენ 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს 43 000 ადამიანი. ბიუჯეტი- 27 მლნ. ლარი.
კრედიტების გადავადება
კრედიტები იმ პირებს გადაუვადდებათ, რომლებსაც ახალი შეზღუდვების ფარგლებში 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარში მუშაობა ეზღუდებათ და შემოსავალს კარგავენ.