“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიის მხრიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა საკუთარი პარტიის ფრაქცია მიატოვა. ის ფრაქციის წევრებს, არჩევნებზე სხვა პარტიის სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიის მხრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა პარტიის ფრაქციის მიტოვება, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა. საქართელოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე ის იმავე პარტიის სიებით იყრიდა კენჭს.
“ფრაქცია- არის პარტია, როდესაც ფრაქციაში ხარ, ის პარტიის საკითხებს წყვეტს, თუმცა თუკი სხვა პარტიის სასარგებლოდ მუშაობ, ეს ფრაქცია არ არის, ფეიკია, ზუსტად ამიტომ ფეიკებთან თანამშრომლობა არ მინდა. “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია სხვა პარტიისთვის მუშაობდა”,- ყვება სამველ პეტროსიანი.
ფრაქციიდან გასვლის თაობაზე განაცხადი მან ამავე წლის 3 ნოემბერს წარადგინა. მისი თქმით, იმ წუთიდან ის ფრაქციის შემადგენლობაში არ შედის.
მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანი საკრებულოს ფრაქციიდან გადის, ის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრად ითვლება.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ახალქალაქის საკრებულოს ფრაქცია 3 წევრისგან შედგებოდა. ფორმირების დროს, 2018 წელს, 5 წევრისგან შედგებოდა, თუმცა ორმა დეპუტატმა გენადი ელიზბარიანმა და სარგის უზუნიანმა უფრო ადრე დატოვეს ფრაქცია. ამის შემდეგ ფრაქციაში დარჩა თავმჯდომარე ზაქარ ზაქარიანი, სიმიკ მანანდიანი და სამველ პეტროსიანი.
ფრაქციის თავმჯდომარემ ზაქარ ზაქარიანმა სამველ პეტროსიანის წასვლაზე და ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. და შეკითხვაზე, დაიშლება თუ არა ფრაქცია, რადგან ის არანაკლებ 3 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, მას პასუხი არ ჰქონდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა Jnews-ს აცნობა, რომ დაშლის შესახებ დადგენილების წარსადგენდ ფრაქცია, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ვერ შეიკრიბება.
“როგორც კი ფრაქციას დადგენილება ექნება, ისინი ამ დოკუმენტს იურიდიულ კომისიას წარუდგენენ, და ამის საფუძველზე ფრაქცია დაიშლება”,- ამბობს ნაირი ირიციანი.
ნაირი ირიციანის თქმით, თუკი მესამე წევრი არ გამოჩნდება, ფრაქცია დაიშლება.