ახალქალაქის ცენტრში ფეხსაცმლის მაღაზიამ დილით მომხმარებელი ვერ მიიღო. მყიდველს კონკრეტული მოდელი უნდოდა, გამყიდველმა კი ყუთებში მოძებნა ვერ მოახერხა. გუშინ ჩალაგებული საქონლის ამოლაგებას, რამდენიმე საათი დასჭირდა.
“პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ გვითხრეს, რომ მაღაზია ღია შეიძლება იყოს ღამის 12-მდე, მერე აღარ. ჩვენ მთელი საქონელი შევაგროვეთ, სხვადასხვა ყუთებში ჩავაწყვეთ, ახლა ამოლაგება და მაღაზიაში დაწყობა არ შეგვიძლია. რამდენიმე მყიდველისთვის მოგვიწია იმის თქმა, რომ მერე მოვიდნენ, მაგრამ ალბათ, არც მოვლენ”, – ამბობს ფეხსაცმლის მაღაზიის გამყიდველი.
საქმე იმაშია, რომ მყიდველების თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ გააფრთხილეს, რომ დღეიდან, არც სასურსათო მაღაზიები, არც ტანსაცმლის ბაზრობა არ იმუშავებს და რომ ამის ბრძანება აქვთ.
ზოგიერთმა გამყიდველმა პოლიციას დაუჯერა და გუშინ, საღამოს, საკუთარი პროდუქცია სახლში წაიღო, რომ სახლიდან ივაჭროს.
დილიდან ქალაქის ყველა მაღაზიამ დაიწყო მუშაობა. როგორც გამყიდველები ამტკიცებენ, მათ ინფორმაცია დილით დააზუსტეს და სამუშაოდ დილიდან გამოვიდნენ.
“შოკში ვიყავით, იცით როგორია, როდესაც გეუბნებიან, რომ ორი თვე მუშაობა არ შეიძლება”, – ამბობს ჭურჭლისა და დეკორის მაღაზიის ერთ-ერთი გამყიდველი.
ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველების უმეტესობა სამუშაოდ გავიდა. ისინი პოლიციის ქმედებებით აღშფოთებულნი არიან.
“გვითხრეს, რომ მაღაზიები უნდა დაგვეკეტა. ჩვენ ვუთხარით, რომ Jnews-ზე წერია, რომ იმ ქალაქების სიაში არ შევდივართ, სადაც მაღაზიები და ბაზრები უნდა დაიკეტოს. პოლიციელმა გვიპასუხა, რომ Jnews-ს, რაც ესმის, იმას წერს, რომ მათ შესაბამისი ბრძანება მიიღეს. თუმცა, საღამოს თქვენს გვერდზე დაადასტურეთ, რომ სამუშაოდ გასვლა შეიძლება. ამიტომ დღეს ჩვენ აქ ვართ”, – ამბობს ტანსაცმლის ბაზრობის ერთ-ერთი გამყიდველი.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის პოლიციის სამმართველოში გუშინ თქვეს, რომ პოლიციის თანამშრომლები მოსახლეობას საერთო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და ხალხმა ინფორმაცია არასწორად მიიღო.
მომავალში შეეხება თუ არა ლოქდაუნი ახალქალაქს, სადაც ასევე გავრცელებულია კორონავირუსი, ჯერჯერობით უცნობია.
ახალქალაქში ყველა მაღაზია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს