83 წლის სირაკან გიგოლიანი ერთდროულად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხულგუმოში ცხოვრობს. ზაფხულს ის ახალ ხულგუმოში საკუთარი ხელით აშენებულ სახლში ატარებს, ხოლო ზამთარს, შვილთან ერთად, ძველ ხულგუმოში.
მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად ახალქალაქის ხულგუმოში ცხოვრობს, როდესაც ახალ ხულგუმოზე იწყებს ლაპარაკობს, უსაზღვრო სიყვარულითა და მონატრებით იხსენებს გასულ დღეებს.
ახალ ხულგუმოში, ძირითადად, მესაქონლეობასა და მეთევზეობას მისდევენ. სოფელში ახალგაზრდებისთვის არაფერი არ არის, არც ტრენაჟორების დარბაზია, არც სხვა რაიმე გასართობი ცენტრი. აქ სომეხი-კათოლიკეები ცხოვრობენ, მაგრამ ტაძარი არ აქვთ. სოფელში არ არის ყველაზე აუცილებელი რამ – მაღაზია. საყიდლებზე სოფლის მოსახლეობა მეზობელ სოფელ ფოკაში დადის. სირაკან გიგოლიანი იქ პურს ყიდულობს. თუ ახალგაზრდებიდან ვინმე ფოკაში მიდის, ის პურის მოტანას სთხოვს.
ახალ ხულგუმოში კულტურის სახლი არ არის, ხოლო სკოლის შენობა მძიმე მდგომარეობაშია.
ბუნებრივმა აირმა და სხვა სიკეთეებმა ამ სოფლამდე ვერ მოაღწია. აქ ხალხი დღემდე სახლებს ფუნით ათბობს.
1924 წელს გიგოლიანების ოჯახი ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოდან კიდევ 18 ოჯახთან ერთად ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხულგუმოში გადავიდა. მშობლიური სოფლიდან გადასვლის მიზეზი არსებობისთვის სახსრების ძიებაში მდგომარეობდა, ახალ ხულგუმოში ბევრი საძოვარია, ისინი იქ მესაქონლეობით იყვნენ დაკავებულნი. როგორც ბაბუა სირაკანი იხსენებს, აქ ძალიან კარგად ცხოვრობდნენ, არაფრის საჭიროება არ ჰქონდათ.
სირაკან გიგოლიანმა ტამბოვკაში 8 წლიანი სომხური სკოლა დაამთავრა, შემდეგ სწავლა თრიალეთში განაგრძო. თავისუფლად ფლობს სომხურ, ქართულ, რუსულ და თურქულ ენებს. 1963 წელს ოჯახი შექმნა, აშხენზე დაოჯახდა, რომელიც სოფელ კარტიკამიდან იყო.
მომავალ მეუღლე აშხენზე მაშინ დაინახა, როდესაც წყაროდან წყალი მიჰქონდა, შეუყვარდა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა.
“კარტიკამში ჩემი დეიდა ცხოვრობდა, როცა ჯარიდან დავბრუნდი, მის სანახავად წავედი, მაშინ ვნახე თუ ჩემი მომავალი მეუღლე წყაროდან, როგორ იღებს წყალს. ამ დროს მე მას მივუახლოვდი და ვუთხარი, რომ უნდა დავქორწინდეთ. ჩვენ დავინიშნეთ, ის ერთი წელი რძალი იყო, შემდეგ ჩვენი ჯვრისწერის დღეს დავქორწინდით. ადრე ყველა ასე აკეთებდა, ეს ტრადიცია იყო”, – დიდი შთაგონებით ყვება ბაბუა სირაკანი.
83 წლის ბაბუა ყვება, რომ მეუღლე ძალიან უყვარდა და ყოველთვის, როდესაც სადმე მიდიოდა, სხვდასხვა ფერის და სახეობის თავშალი ჩამოჰქონდა მისთვის. ის დღემდე ინახავს ცოლის ნაქონ თავშალებს.
გიგოლიანებს 12 შვილი ჰყავდათ – 9 ბიჭი და 3 გოგონა. ახლა სირაკანის დიდი ოჯახი 52 სულისგან შედგება, 26 შვილიშვილი, 2 შვილთაშვილი, 9 რძალი და 3 სიძე. მისი ყველა შვილი ახალ ხულგუმოში დაიბადა. ის ვერავითარ სირთულეს ვერ ხედავს 12 შვილის გაზრდაში, პირიქით, ძალიან ბედნიერია და კმაყოფილი იმით, რომ მრავალშვილიანი მამაა.
“ძალიან მიხარია, რომ ბევრი შვილი და შვილთაშვილი მყავს. ღმერთის მადლიერი ვარ, რომ ყველა ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა”, – ამბობს ბაბუა სირაკანი. გულის ჯიბიდან იღებს საფულეს, სადაც რიგრიგობით ჩამოწერილი ბავშვების სახელებს და დაბადების თარიღებს ინახავს.
ძველ ხულგუმოში – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში, გიგოლიანები 2001 წელს დაბრუნდნენ. აქ შვილები დაოჯახდნენ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალ ხულგუმოში აღარ დაბრუნდნენ. ახლა სირაკანი უმცროს შვილთან ცხოვრობს და ახალი ხულგუმოს სახლის კარს მხოლოდ ზაფხულში გააღებს.
“მაქვს მიწები, რომლებსაც ვაქირავებ, ძალიან მიყვარს ჩემი სახლი და ჩემი სოფელიც ძალიან მიყვარს, აქ თავისუფლად ვგრძნობ თავს. აქ ზამთარში ჩამოვდივარ, იქ რატომ უნდა დავრჩე? მე თუ მოვკვდები, ტბაში გადამაგდებენ”, – იცინის ბაბუა სირაკანი.
2010 წლიდან სირაკანი მარტო ბრუნდება სახლში, რადგან 10 წლის წინ მისი მეუღლე გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არ არის ნორმალური გზა და ზამთარიც ძალიან მკაცრია, სირაკანისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ახალი ხულგუმო მისთვის უფრო მშობლიურია. ის საჭმელს თავისით ამზადებს, ლავაშსაც კი აცხობს.
ამჟამად სირაკანის ბავშვების ნაწილი ახალქალაქის რაიონში ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი – რუსეთში.