ახალქალაქში ზოგიერთი მაღაზია და სავაჭრო ცენტრი დაიკეტა, რადგან გამყიდველების თქმით, პოლიციელები დღეს საღამოს დადიოდნენ და ამბობდნენ, – ხვალიდან უნდა დაიკეტოთო. ზოგიერთმა საკუთარი პროდუქციაც კი გაიტანა, რომ სახლიდან გაყიდოს, თუმცა მაღაზიების დაკეტვა არ ეხება ახალქალაქს და სხვა რეგიონებს, კონკრეტულად 7 ქალაქის გარდა.
Jnews-ში ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველებისა და სხვადასხვა მაღაზიიდან ზარი შემოვიდა. ისინი იტყობინებიან, რომ პოლიციელებმა უთხრეს მაღაზიები დაკეტონ.
“მაღაზიაც კი დავცალეთ, მთელი საქონელი შევაგორვეთ და სახლში წავიღეთ, რომ ვინმეს თუ მოუნდება ყიდვა შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ გვითხრეს, – უნდა დავკეტოთო”, – ამბობს სავაჭრო ცენტრის გამყიდველი.
“პოლიციელები გვეუბნებიან, – უნდა დაიკეტოს. ჩვენ ვუთხარით, რომ Jnews-ში წავიკითხეთ, რომ ეს შეზღუდვები ჩვენ არ გვეხება. მათ გვითხრეს, დიდი ამბავი Jnews-ი წერს, ისინი იტყუებიანო“, – თქვა ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველმა, რომელმაც რედაქციაში ინფორმაციის დასაზუსტებლად დარეკა.
Jnews-მა გადაწყვიტა მრავალჯერ დაზუსტებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადაამოწმოს. ხელისუფლების ცხელი ხაზიდან გვაცნობეს, რომ თუკი მაღაზია არ იმყოფება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, შეუძლიათ ჩვეულებრივ მუშაობა.
შსს-ს პრესცენტრში გვაცნობეს, რომ მაღაზიების დაკეტვის თაობაზე გამყიდველების გაფრთხილების ბრძანება ახალქალაქში არ გაცემულა.
ახალქალაქის პოლიციის სამმართველოდან გვაცნობეს, რომ დაწესებული შეზღუდვებიდან ახალქალაქში ვრცელდება: 28 ნოემბრიდან – 21:00-დან 05:00 საათამდე შუალედში გადაადგილების შეზღუდვა, რესტორნების დახურვა, მათ მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ მუშაობა, ასევე ტაქსებში წინა სავარძელზე არ უნდა იჯდეს მგზავრი და ყველამ უნდა ატაროს პირბადე. ხოლო, რაც შეეხება იმას, რომ პოლიციელები გამყიდველებს მაღაზიების დაკეტვაზე აფრთხილებდნენ, სამმართველოში გვაცნობეს, რომ შესაძლებელია გამყიდველებმა პოლიციელების გაფრთხილება საერთო შეზღუდვებზე არასწორად გაიგეს.