საქართელოს დიდ ქალაქებში- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში სკოლები 2021 წლის 1 თებერვლამდე მთლიანად დისტანციურ რეჟიმზეა გადაყვანილი. თუმცა, სხვა რეგიონალური სკოლები სწავლებას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ.
გუშინ, 26 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და მათი ამოქმედებისა და შეჩერების რთულმა გრაფიკმა ბევრი მოქალაქე დაბნეულობაში შეიყვანა. რეგიონების მოსახლეობას მთელ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვებისგან გარჩევა გაუჭირდათ.
ახალქალაქის სკოლებში გაუგებრობას ქონდა ადგილი. მასწავლებლები და მოსწავლეები ვერ გაერკვნენ გადადიან თუ არა ისინი დისტანციურ რეჟიმზე.
განვმარტავთ, რომ ხელისუფლების მიერ 26 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები, რომელიც სკოლის მუშაობასთან არის დაკავშირებული, ეხება მხოლოდ 7 კონკრეტული ქალაქის სკოლებს: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, ხოლო დანარჩენ სკოლებს აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ არის სიახლე, ის დაწესდა 4-დან 25 ნოემბრამდე, ხოლო გუშინ 2 თვით იყო გახანგრძლივებული.
ახალქალაქის სკოლები განაგრძობენ ჩვეულებრივ, შერეულ რეჟიმში მუშაობას, ანუ დისტანციურ სწავლებაზე დროებით (დაახლოებით 2 კვირა) გადადიან მხოლოდ ის სკოლები, სადაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევები ფიქსირდება.