ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების პაკეტი მერიაში დასამუშავებლად დააბრუნა, სადაც აღნიშნა, რომ საახალწლო დღესასწაულების პუნქტში დანახარჯები უნდა შემცირდეს.

დღეს, 25 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალოტეტის საკრებულოში ბიუროს, ხოლო შემდეგ კი შეკრების სხდომა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა. საკრებულოს დეპუტატების კრიტიკა შეეხო პუნქტებს, რომელშიც განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ქალაქის საახალწლო განათების, ტკბილეულობისა და ფეიერვერკის შეძენისათვის 14 100 ლარს ითხოვდა.

საახალწლო მორთულობისთვის ახალქალაქის მერიამ 14 100 ლარი მოითხოვა

დეპუტატები აღნიშნული თანხის გამოყოფას არ დათანხმდნენ და ცვლილებების პაკეტი უკან დააბრუნეს, რეკომენდაცია იყო აეწერათ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი დანახარჯები.

“საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინ 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პაკეტი განიხილა, დეპუტატებს შეკითხვა, მხოლოდ ქალაქის საახალწლო განათების შეძენის პუნქტთან დაკავშირებით დაებადათ. წელს ბიუჯეტში დეფიციტი გვქონდა, ბევრი სამუშაოსთვის სახსრები არ გვეყო, ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენი ბიუჯეტი ძალიან მწირია, და პანდემიისა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ თანხის შემცირებას და ყველაზე აუცილებელის გაწერას ვთავაზობთ”,- თქვა საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სედა მელკუმიანმა.

ძირითადად განიხილა ფეიერვერკის, განათების, ტკბილეულის და სათამაშოების დანახარჯების შემცირება და მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის დანახარჯის დატოვება.