საქართველოში კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები დღეს გახდება ცნობილი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, მთავრობა გადის კონსულტაციას შეზღუდვებთან დაკავშირებით.
„ჩვენი მიზანი არის, არ დაველოდოთ პიკს, არამედ მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება, რათა ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს, განაგრძოს მუშაობა მის ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არის ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში შეიძლება, განხორციელდეს შეზღუდვები და ისინი 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.
„ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან. გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და 26 ნოემბერს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ვთავაზობთ მთავრობას და ეპიდემიოლოგები, ექსპერტები სთავაზობენ თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ამის შემდეგ ველოდებით მნიშვნელოვან შემცირებას ინფიცირების რაოდენობის. ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით კლების პროცენტის, როგორი იქნება შედეგი, აქედან გამომდინარე ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ ჩვენ შეიძლება, შემოვიღოთ ან მეტად უფრო გამკაცრებული სქემა ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა.
გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.