თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე განმარტავს, როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო, მსუბუქი, თუ საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტები.
ენდელაძის თქმით, უსიმპტომო პაციენტის შემთხვევაში, ის 10 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის და განმეორებით კვლევას არ საჭიროებს. რაც შეეხება საშუალო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, მარინა ენდელაძის თქმით, 13 დღის შემდეგ ინფექციის გავრცელების კუთხით ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.
„თუ პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ ის უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება, უკვე შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში და ჩათვალოს, რომ არავის დააინფიცირებს. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა ენდელაძემ.
პირადი ექიმი – „კოვიდ-19“ საგანგებო LIVE
მსგავსი: პირადი ექიმი – „კოვიდ-19“ საგანგებო LIVE
მარინა ენდელაძის განმარტებით, სიფრთხილის გამო, პაციენტი პირველი სიმპტომის გამოვლენიდან 13 დღის შემდეგ აღარ ითვლება გადამდებად, თუმცა ინფექციის გადადების რისკი მეექვსე, მეშვიდე დღიდან მცირდება.
„ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებია. შეიძლება, „პისიარ“ ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს „პისიარი“ არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი – „კოვიდ-19“ საგანგებო“.