ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS), გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.
„პირველად საქართველოს ისტორიაში და ზოგადად, პირველად რეგიონში, საქართველო არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი. საქართველომ დაიმკვიდრა საამაყო ადგილი ისეთ წარმატებულ და განვითარებულ სათხილამურო კურორტებს გვერდით, რომლებსაც ვხედავთ საფრანგეთში, შვეიცარიაში ამერიკასა თუ კანადაში.
„ეს წარმატება ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა, პირველი არის ძალიან წარმატებით ჩატარებული სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე წლის დასაწყისში უმასპინძლა და მეორე, ეს არის ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ გასული წლების განმავლობაში იზრუნა. მოგეხსენებათ, ბაკურიანში გასული ორი წლის განმავლობაში მოეწყო ისტორიული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, რის ფარგლებშიც აშენდა 2 ხელოვნური წყლის რეზერვუარი, 3 ახალი საბაგირო, 11 სათხილამურო ტრასა ისევე, როგორც 34 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. რატომ არის ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, ეს ინფრასტრუქტურა დარჩება ბაკურიანს, როგორც სათხილამურო კურორტს. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ რიგში, ზუსტად ამ ინფრასტრუქტურამ ხელი შეუწყო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას და მეორე რიგში, ამ ინფრასტრუქტურის ბაკურიანში არსებობამ განაპირობებს იმას, რომ სათხილამურო ფედერაციამ გადაწყვიტა,რომ ბაკურიანში კიდევ ორი მორიგი მსოფლიო თასი ჩაატაროს. ასევე, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გუდაურში ინსპექტირება წარმატებით ჩატარდა და შესაბამისად, ჩვენ ყოველ წლიურ კალენდარს და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდარს ბაკურიანთან ერთად დაემატება გუდაური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზოგადად ჩვენი ქვეყნის სამთო-სათხილამურო ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და პოპულარიზაციას. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ უფრო ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო თასს. ჩვენი გუნდის გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წინასწარ თამამად შევაფასოთ ის, რომ საქართველო იქნება მორიგი წარმატებით გამორჩეული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამით შევძლოთ ის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, როგორც ღირსეული სამთო-სათხილამურო მიმართულება მსოფლიო ტურისტულ ბაზაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.