საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) გადაწყვეტილების მიუხედავად, იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნალური გადასახადების გადასახდელად ელექტრონული ქვითრები გამოიყენებოდეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აბონენტები წყლისა და ბუნებრივი აირის გადასახადის შეტყობინებას ძველებურად – ქაღალდის ქვითრებით მიიღებენ.
ჯავახეთის გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC -ის ინფორმაციით, დეკემბერში აბონენტები ქვითრებს ძველებურად მიიღებენ კონტროლიორის მეშვეობით.
“ამ თვეში აბონენტები ქვითრებს მიიღებენ ისე, როგორც იღებდნენ, ელექტრონული ვარიანტი ჯერ არ არის მზად, პროგრამის მომზადება ჯერ ვერ მოვასწარით, ამაზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გადავალთ. პროგრამას ჩვენ ვიყიდით”, – აცხადებენ კომპანიაში.
ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრში ასევე განმარტავენ, რომ აბონენტები გადასახადის შეტყობინებას ძველებურად, ინკასატორის მეშვეობით.
“მე ვერაფერს გეტყვით, მსგავსი ბრძანება არ მიგვიღია”, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის-ცენტრის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგო და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC) კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კომუნალური გადასახადების დასაფარად ელექტრონული ქვითრების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.
15 დეკემბრიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის საფასური აბონენტებმა კომუნალური გადასახადების ელექტრონული ქვითრების სახით, შესაბამის კომუნალურ კომპანიაში დარეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე შეტყობინებით უნდა მიიღონ.