მაია ცქიტიშვილი – ჯერ არ გვაქვს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები ახალი შეზღუდვებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია სისტემურ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
”დღეს ჩვენ არ მიგვიღია კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, განიხილება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ბევრ ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სამართავად. ეს არის ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ნიღბების ტარებაზე ადმინისტრაციული კონტროლი კიდევ უფრო აქტიური იქნება, რათა “მივაღწიოთ ნიღბების ტარების დონეს, რაც შეანელებს ინფექციის რისკს”.
მობილობის შემცირებასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ გათვალისწინებულია მიზნობრივი შეზღუდვები, მაგალითად, სავაჭრო ობიექტების მუშაობის საათების, ან დღეების შემცირება.
ცქიტიშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ მთავრობამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი.
”გუშინ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით ბიზნესის წარმომადგენლებს. მხოლოდ ბიზნესთან ასეთი კომუნიკაციის შემდეგ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დაგვეხმარება ვირუსის დინამიკის მართვაში, ხოლო მეორეს მხრივ, ყველაზე მცირე ზიანს მიაყენებს ბიზნესს”, – თქვა ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მოსამზადებელი პერიოდის განხილვა.
”დღეს ჩვენ აქტიური საუბარი გვქონდა, მათ შორის იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის ეტაპისთვის, რისთვისაც უკვე ემზადება მთელი მსოფლიო”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.