მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.
ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან „სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრს, გამთენიისას, აზერბაიჯანმა განახორციელა სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მთიანი ყარაბაღის სამხედრო ობიექტებზე, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სტეპანაკერტზე, შუშში და ჰადრუთში. საომარი მდგომარეობა გამოცხადდა სომხეთსა და ყარაბაღში.