“ევროკავშირი საქართველოსთვის”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” (RIVG) და Penal Reform International მხარდაჭერით გამოქვეყნდა კვლევის შედები, თემაზე: “კრიმინალლური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე”.
კვლევის შედეგად, რომელიც საქართველოს სხვადასხვა საპატიმროების ანალიზზე დაყრდნობით გაკეთდა, გამოიკვეთა, რომ საქართველოს საპატიმრო დაწესებულებების უმეტესობაში სიტუაციას ძირითადად ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები განაგებენ.
ავტორებმა თვისობრივი მეთოდოლოგიის ფარგლებში გამოიკითხეს 51 რესპოდენტი, მათ შორის 17 ყოფილი პატიმარი, პენიტენციური სისტემის 18 ყოფილი თანამშრომელი და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ყოფილი და მოქმედი 16 წევრი ან ამ სფეროს ექსპერტი.
აღსანიშნავია, რომ კვლევა არ მოიცავს ქალთა საპატიმროებს და ისეთ დაწესებულებებს, სადაც ყოფილი სამართალდამცავები იხდიან სასჯელს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს საპატიმრო დაწესებულებების უმეტესობაში მოქმედებს შიდა, ე.წ “პატიმართა კოდექსი”, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მსჯავრდებული კონკრეტული ჯგუფიდან ირიყება, ხშირ შემთხვევაში მასზე ხდება ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური და იშვიათ შემთხვევებში სექსუალური ძალადობაც.
ქეთი ხუციშვილის განმარტებით (“ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი), საპატიმროებში კრიმინალური ავტორიტეტების გაძლიერება განსაკუთრებით 2012-2013 წლებში იწყება, როდესაც საპატიმრო დაწესებულებების განკარგვის საკითხში ციხის ადმინისტრაციის როლი სუსტდება.
“2012 წლისთვის დადგინდა, რომ ციხეებში ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდებოდა სისტემური ძალადობა პატიმრების მიმართ, ამჟამად თითქოს აღარ არის სისტემური წამება ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ მოხდა სხვა დრამატული ფაქტი – აღდგა კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში. ციხეების უმეტესობაში მოხდა ძალიან მკვეთრი იერარქიული დაყოფა, იმ ტიპის გავლენის ჯგუფებად, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან გვახსოვს, სადაც კრიმინალურ ელემენტებს ეძლევათ საშუალება რომ თავად გადაანაწილონ ჯგუფებში პატიმრები და მათთან ციხის ადმინისტრაცია მდუმარედ თანამშრომლობს”, – განმარტა ხუციშვილმა.
ხუციშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციების წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში იერარქიის სათავეში მოქცეულ პირებს აძლევენ საშუალებას, რომ ქვემდგომებს შეუზღუდონ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სხვა ძირითად უფლებებზე წვდომა.
რაც შეეხება კრიმინალური სუბკულტურის გავლენების შედეგებს, კვლევაში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება:
მტაცებლური თვითმმართველობა განაპირობებს პატიმართა შორის ძირითადი უფლებების არათანაბარ დაცვას
ციხეში ახლად მიღებულ პატიმრები იძულებულები ხდებიან კრიმინალურ ლიდერებთან და მათთან დაახლოებულ პირებთან შევიდნენ ისეთ ურთიერთობაში, რომელიც შემდგომ ახლად მისულ პატიმარს ავტორიტეტებზე დამოკიდებულს ხდის.
ჩატარებული კვლევების და ინტერვიუების ანალიზი
საქართელოს საპატიმროებში არაფორმალურ ჯგუფებს სათავეში ე.წ “მაყურებლები”, იგივე “პალაჟენეცები” უდგანან. კვლევის მიხედვით, სწორედ “მაყურებლებს” აქვთ პირადი ურთიერთობები ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციის გზავნილებს მსჯავრდებულებს სწორედ ისინი აწვდიან.
კვლევაში აღნიშნულია, რომ კრიმინალური იერარქიის სათავეში ყოფნა მხოლოდ სხვებზე კონტროლის და გავლენის მომნიჭებელი არ არის, არამედ “მაყურებლები” ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ სხვადასხვა ქონებრივი პრივილეგიით, მათ შორის შეუძლიათ იქონიონ დიდი ტელევიზორი, რომელიც არ იყიდება დაწესებულების მაღაზიაში, ასევე ჰქონდეთ “იქს ბოქსი”, ატარონ ჯინნსის შარვალი და ა.შ
ეს ყველაფერი კი საპატიმროს ადმინისტრაციასთან არის შეთანხმებული:
რესპონდენტთა განმარტებით, ეს ჯგუფი უფრო ახლო კონტაქტშია ადმინისტრაციასთან და შეუძლიათ თანამდებობის პირებთან შეხვედრა მათთვის ნებისმიერ სასურველ დროს. რესპონდენტებმა გაიხსენეს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პატიმრების თხოვნით, ოფიციალური განცხადების გარეშე, მათ სანახავად გადასულა როგორც დირექტორის მოადგილე, ასევე მისულან სხვა თანამდებობის პირები.
ამასთან, კვლევაში განმარტებულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, საპატიმროში მოპოვებული “მაღალი იერარქია”, მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ციხეში არსებული უკეთესი სამედიცინო სისტემით, საჭიროზე მეტ ხანს გაჩერდნენ ციხის საავადმყოფოში ან რიგ შემთხვევებში აუცილებელი საჭიროების გარეშე დატოვონ საპატიმრო დაწესებულება და ქალაქის კლინიკაში გადავიდნენ. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ ციხის ადმინისტრაციაა.
ამასთან კვლევაში საუბარია ეკონომიკურ ძალადობაზეც, კერძოდ საპატიმროებში ე.წ “საერთო” თანხის შეკრებაზე. კვლევის მიხედვით, რესპოდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ამობს, რომ “საერთოში” მხოლოდ ფულის შეგროვება არ ხდება და ძირითადად სიგარეტი, ჩაი, სატელეფონო ბარათები და სხვა მატერიალური ღირებულების მქონე პროდუქტები გროვდება.
ასევე “საერთოს” შეგროვება ხორციელდება პატიმრების ბარათებზეც, რომელსაც დაწესებულებაში პროდუქციის შესაძენად გამოიყენება, ასევე კომპანია “აჭარაბეთის” ანგარიშებზე თანხების დარიცხვითაც. როგორც რესპოდენტები კვლევის ავტორებს ეუბნებიან, ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებულია დაწესებულების ადმინისტრაცია, რომლის წარმომადგენლებიც ცდილობენ არ შეამოწმონ ის საკნები, სადაც აღნიშნული “საერთო” იანხება.
“რაც მახსოვს, იყო ასეთი რაღაცა, ერქვა “სატასაო”, რომელიც “მაყურებლის” კამერაში დევს და როგორც მახსოვს, თვეში ერთხელ 15 ლარის რაღაც უნდა შეგეძინა, ნუ, ხარკს იხდიდი, უხეშად რომ ვთქვათ, რა! მოვიდა 15 რიცხვი და ჩემი ფულიდან უნდა გამოვყო, რომ მივცე იმათ. მაგალითად, უნდა ვიყიდო სიგარეტი, უნდა ვიყიდო დასარეკი ბარათები, ტუალეტის ქაღალდი, კბილის ჯაგრისი და ასეთი რაღაცეები”,- ეუბნება კვლევის ავტორებს ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი.
რეკომენდაცია
აღნიშნული კვლევა ორგანიზაციების “ევროკავშირი საქართველოსთვის”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” (RIVG) და Penal Reform International მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევის უშუალო ავტორებმა: საერთასორისო მკვლევარმა, გევინ სლეიდმა, RIVG-ის წარმომადგენელებმა ტატო ქელბაქიანმა და ნატალია ცაგარელმა და სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავეს:
ჩამოყალიბდეს კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც უნდა მოექცეს სისხლის სამართლისა და დანაშაულის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში. სტრატეგიის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების, ასევე შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების ჩართულობის უზრუნველყოფა;
ერთიანი პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს უწყებათაშორის თანამშრომლობას, სადაც უწყებებს განსაზღვრული ექნებათ საკუთარი როლი და ფუნქციები.
მულტიუწყებრივი თანამშრომლობა გააერთიანებს როგორც საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის სისტემებს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებსა და პენიტენიცურ სისტემას.
მიზანშეწონილია მთავრობამ ჩამოყალიბოს პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის მოდიფიცირების მკაფიოდ განსაზღვრული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გეგმა;
ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა უნდა იყოს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილი,სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება არასაპატიმრო სასჯელებისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის დახვეწასა და განვითარებაზე;
განხორცილდეს პატიმართა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით, სადაც გათვალისწინებული იქნებამათი სუბკულტურასთან მიკუთვნებულობა, რათა გამოირიცხოს პატიმართა ერთი ჯგუფის გავლენა სხვა ნაკლები რისკის მქონე პატიმრებზე.
უზრუნველყოფილი იყოს ციხის პერსონალის თანაბარი ხელმისაწვდომობა და დამოკიდებულება პატიმართა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ;
ჩამოყალიბდეს დაწესებულების ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის კომუნიკაციის მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს კრიმინალურ სუბკულტურაში არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებას,პატიმართა არაფორმალურ გავლენებს და შესაძლებლობას აძლევს ყველა პატიმარს განახორციელოს თვითმმართველობის ლეგიტიმური კომპონენტი მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიმართულებით, რაც ძირითადად მოიაზრებს საგანამანათლებლო-სარეაბილიტაციო ინიციატივებს.
ხელისუფლებამ უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების მომარაგება ყველა პატიმრისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებებით, რისი მიწოდებაც კანონმდებლობის შესაბამისად მის ვალდებულებას წარმოადგენს;
აღმოფხვრას არაფორმალური გავლენები, რომლებიც ე.წ. ავტორიტეტებთან დაახლოებულ პირებს უქმნის დაწესებულებებში ცალკეული პრობლემების გადაჭრის უფრო ხელსაყრელ პირობებს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სხვა პატიმრებთან შედარებით.
სამართალდამცავ ორგანოებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზით, ჩამოყალიბდეს, ე.წ.„საერთოს“, როგორც კრიმინალური სუბკულტურის ერთ-ერთ მექანიზმთან ბრძოლის სტრატეგია და გადაიდგას ნაბიჯები ამ მიმართულებით;
დაწესებულებების ადმინისტრაციამ უზრუნველყოს პატიმართა უსაფრთხოება, რათა საერთოში მონაწილეობის მოტივაციას არ წარმოადგენდეს გავლენიანი პატიმრების ზეწოლისაგან თავის არიდება და საჭიროების შემთხვევაში ე.წ. მაყურებლების მხარდაჭერის მოპოვება.
დეტალურად განისაზღვროს დაწესებულების პერსონალის ფუნქციონალური უფლება-მოვალეობები (განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებისას) განხორციელდეს პერსონალის გადამზადება და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოიყენონ არსებული უფლებამოსილება;
უზრუნველყოფილი იყოს გონივრული ბალანსი დაწესებულების პერსონალსა და თანამშრომლებს შორის;
გაუმჯობესდეს დაწესებულების პერსონალის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები;
დაწესებულების მართვა განხორციელდეს უფლებამოსილების დელეგირებისა და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თანამშრომელთა განტვირთვასა და ცალკეული კადრის გადინების შემთხვევებში ციხის მართვის მდგრადობას;
გადაიდგას ნაბიჯები დაწესებულების პერსონალის ხელფასების ზრდისა და სხვა სახის წახალისების მექანიზმების გაუმჯობესების მიმართულებით;
მიღებულ იქნას ზომები, რათა პერსონალს მუდმივად არ უხდებოდეს ზეგანაკვეთური მუშაობა, პერიოდული ზეგანაკვეთური შრომისთვის თანამშრომლებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურება. ასევე უზრუნველყოფილნი იყვნენ დასვენებისა და კუთვნილი შვებულების სრულად გამოყენების შესაძლებლობით;
გადაიდგას ნაბიჯები პერსონალის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით (გადაწვის ტრენინგები; თანამშრომლების ფსიქოლოგის შტატის განსაზღვრა და სხვა), რაც უკავშირდება სტრესულ
სამუშაო გარემოს და მათ გადაწვას მუშაობის პროცესში.
ჩამოყალიბდეს პატიმართა მოტივირების სისტემა, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას მისცემს გადადგან ნაბიჯები სუბკულტურული წესების წინააღმდეგ, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მათ პირად უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია აღნიშნული ნაბიჯის საპასუხოდ მათ გაუჩნდეთ რეალური შეღავათების მიღების პერსპექტივა.
გადაიდგას ნაბიჯები სისტემის დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რასაც თან უნდა ახლდეს პერსონალის ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრა, მათი მხარდაჭერა მოვალეობის შესრულების პროცესში და ეფექტური მონიტორინგის/სუპერვიზიის სისტემა;
განხორციელდეს პენიტენციური სისტემის ფუნდამენტური მოდიფიცირება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მკაფიოდ გამოხატოს კრიმინალური ჯგუფების გავლენების შემცირების ნება, უარი თქვას მათთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზითა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ჩამოაყალიბოს კრიმინალური სუბკულტურასთან ბრძოლის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა.