საქართველოს მასშტაბით, კერძოდ, ზოგიერთ სოფელში და ქალაქ ახალქალაქში გამოჩნდნენ პირები, რომლებიც მოსახლეობას 17 წლამდე ბავშვებისათვის განკუთვნილი 200 ლარის ოდენობის დახმარების მისაღებად პორტალზე რეგისტრაციისათვის ფასიან მომსახურებას სთავაზობენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთი ფიზიკური პირი და გარკვეული პოლიტიკური პარტიები საკუთარი ინტერესებისთვის ცდილობენ ბავშვებისა და 17 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების სახელმწიფო პროგრამის გამოყენებას.

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი რომ ეს არის კრიმინალია და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, მას შეუძლია მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს, სადაც პროგრამაში რეგისტრაციის დახმარებას უფასოდ გაუწევენ.