ჯავახეთის მოსახლეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა დაკარგული საქართველოს მოქალაქეობაა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვას მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან საქართველოში ცხოვრებით, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვერ ხდებიან.
სოფელ არაგვას ზოგიერთი მცხოვრები ჩივის, რომ ცხოვრობს საქართველოში, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ შეუძლია. მათი მტკიცებით, სხვა ქვეყნებში 5-6 წელიწადში ხალხს ავტომატურად აძლევენ მოქალაქეობას.
სოფლის მოსახლეობის თქმით, ზოგიერთმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეავსო და უარი მიიღო, ხოლო ზოგიერთმა, გადაწყვიტა ეთქვა უარი, რათა ტყუილად თანხა არ დაეხარჯა.
“ჩემი შვილი- სომხეთის მოქალაქეა, მან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად განცხადება შეიტანა და უარი უთხრეს”,- ამბობს სოფლის მცხოვრები რუბენი. მისი მტკიცებით, მისი შვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ხოლო სომხეთის მოქალაქეობა რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელად მიიღო.
სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელ არაგვაში ბევრს აქვს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემები, ზოგი სომხეთის მოქალაქეა ქართული ბინადრობით, ხოლო ზოგიერთს ბინადრობაც არ აქვს. ისინი უჩივიან, რომ მალე პენსიონერები ხდებიან და მოქალაქეობა არ აქვთ.
სარქის ტარზიანის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის სომხეთში ჩაეწერა, თუმცა სომხეთში არაფერი აქვს, დაიბადა და ცხოვრობს საქართველოში.
“ჩემი სახლი აქ არის, ჩემი ოჯახი აქ, ახალქალაქშია, მალე პენსიონერი გავხდები, მაგრამ მოქალაქეობას ვერ ვღებულობ”,- ამბობს ის. მისი მტკიცებით, სხვა ქვეყნებში 5-6 წელი ცხოვრების შემდეგ ხალხს მოქალაქეობას ავტომატურად აძლევენ, ხოლო საქართველოში მან მთელი ცხოვრება გაატარა, თუმცა მოქალაქეობის მიღება არ შეუძლია.
სოფლის მოსახლეობის თქმით, არჩევნების დროს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ყოველთვის პირდებიან, მაგრამ არჩევნების შემდეგ დაპირების შესახებ ივიწყებენ.
“მე მინდოდა განაცხადის შევსება, მაგრამ არ ვიცი, რა გავაკეთო, თუ მოქალაქეობაზე უარს მივიღებ, თანხა ტყუილად დამეკარგება”,- ამბობს სოფლის სხვა მცხოვრები.
სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამოცდები მაინც გააუქმონ, რადგან მათ ქართული ენის შესწავლა უჭირთ.