საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის გზაზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკიდურესად ცუდ, ზოგან კი გაუმავალ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივი მცხოვრებლებისა თუ სატვირთო ავტომობილების მძღოლების უკმაყოფილებას იწვევდა, რეაბილიტაცია საბოლოოდ დაიწყო.

ახალქალაქიდან სოფელ კარწახამდე გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მის რეაბილიტაციას ოთხი წლის განმავლობაში აანონსებდა, სამუშაოები ჭიანურდებოდა, ტრასის მდგომარეობა კი წლიდან წლამდე მხოლოდ უარესდებოდა.

doroga2

2010 წელს გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აქ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა — სამუშაოები მხოლოდ ორმოების შეკეთებითა და ცალკეული დიდი მონაკვეთების ასფალტირებით შემოიფარგლებოდა.

doroga3

2022 წელს, სოფელ ვაჩიანში, რომელიც ამ საერთაშორისო გზის ნაწილია, დაახლოებით 1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია საფუძვლის გამაგრებით განხორციელდა. თუმცა, ეს მონაკვეთი უკვე ახლა კვლავ შეკეთებას საჭიროებს.

გასულ წელს ასფალტი დაიგო სოფელ კარწახიდან „კარწახის“ საბაჟო გამშვებ პუნქტამდე არსებულ მონაკვეთზე. გზა ნორმალურ მდგომარეობაშია, თუმცა გზისპირები და მიმდებარე ტერიტორიები კეთილმოწყობილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ეს გზა მშენებელს ექსპლუატაციაში ჯერ არ ჩაუბარებია.

წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად ორ მონაკვეთზე დაიწყო, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიები ასრულებენ.

პირველი მონაკვეთი სოფელ დადეშიდან სოფელ ვაჩიანის დასაწყისამდე გადის. აქ გზის დაახლოებით 1 კილომეტრი უკვე მოხრეშილია და ასფალტის დასაგებად არის მომზადებული, ხოლო დანარჩენ ნაწილზე გზის საფარი გრუნტამდე მთლიანად მოხსნილია.

8 აპრილის მდგომარეობით, სამუშაოები დროებით არ მიმდინარეობდა, თუმცა ტექნიკა ადგილზე იყო. აღნიშნულ მონაკვეთს კომპანია „ჯავახავტოგზა“ არემონტებს.

texnika

მეორე მონაკვეთი — სოფელ ვაჩიანიდან ახალქალაქის ციხემდე — დაახლოებით 14 კმ-ს შეადგენს. აქაც გზა საფუძვლამდეა გაწმენდილი, ხოლო იქ, სადაც საჭიროა, დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები ტარდება. სამუშაოებს შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1“ ასრულებს.

როგორც შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1“-ის სამუშაოთა მწარმოებელმა, ედიკ მიქაელიანმა აღნიშნა:

„ამჟამად იმ მონაკვეთებზე, რომლებიც საფუძვლის გაძლიერებას საჭიროებს, ვიღებთ გრუნტს და ვყრით ხრეშს. მიმდინარეობს გზის საფუძვლის გამაგრების სამუშაოები. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ყველაფერს დავასრულებთ. სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, ჩვენ გზის დაახლოებით 14-კილომეტრიან მონაკვეთს ვაკეთებთ“.

doroga1

მისი თქმით, დასახლებულ პუნქტებში გათვალისწინებულია ტროტუარების მოწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე გზა მათ გარეშე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო ავტომაგისტრალი, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვრამდე მიდის, რამდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად გაუვალი ხდებოდა. წელს მდგომარეობა მკვდარი წერტილიდან დაიძრა — მისი რეაბილიტაციის სამუშაოები საბოლოოდ დაიწყო.

რჩება იმედი, რომ გამოცხადებული ვადები დაცული იქნება, სამუშაოები კი — ხარისხიანად შესრულებული, რათა გზა მოკლე დროში კვლავ ძველ, გაუმავალ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.