ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ტრაილერი ძროხას დაეჯახა, რის შედეგადაც ჯარიმა როგორც მძღოლს, ისე პირუტყვის პატრონს გამოეწერა. საქონლის მფლობელები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და უსაფრთხოების პირობების არარსებობაზე მიუთითებენ — მათი თქმით, იმ მონაკვეთზე, სადაც პირუტყვს რეგულარულად გადარეკავენ, საგზაო ნიშნები არ დგას.

ინციდენტი ცენტრალურ მაგისტრალზე, კარწახის ცენტრში, მაღაზიასთან, 30 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. 15 წლის სკოლის მოსწავლეს, კარაპეტ მნაცაკანიანს, 10-მდე ძროხა გზის მეორე მხარეს მდებარე სარწყულებელზე გადაჰყავდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სოფელში მხოლოდ ერთი სარწყულებელია, რის გამოც რამდენიმე ათეული ოჯახი პირუტყვს მაგისტრალზე დღეში ორჯერ გადარეკავს.

კარაპეტის თქმით, ორმა ძროხამ წყალი სწრაფად დალია და გზისკენ გაემართა, თავად კი დანარჩენებთან დარჩა, რათა ისინიც უკან გადაეყვანა – ბოსელი გზის მეორე მხარეს, პრაქტიკულად ტრასის პირას მდებარეობს. სწორედ ამ დროს მას ხალხის ყვირილი შემოესმა, რომ ტრაილერი ცხოველს დაეჯახა.

„როცა ყვირილი გავიგე, მამასთან გავიქეცი, რომ მოსულიყო“, – ყვება კარაპეტ მნაცაკანიანი.

მოზარდის დედა, წოვიკ მნაცაკანიანი ამტკიცებს, რომ ტრაილერი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო. იგი აღშფოთებულია იმით, რომ მათი ოჯახიც დააჯარიმეს, ზარალი კი არავინ აუნაზღაურა.

„მანქანა ძროხას ისეთი ძალით დაეჯახა, რომ ცხოველი რამდენჯერმე გადაყირავდა. მეურნეობის შენახვა ძალიან მიჭირს. მეცხოველეობა ჩემი ერთადერთი შემოსავალია, ორი სტუდენტი მყავს. ძროხაც დავკარგე და ჯარიმაც გადავიხადე — მიმაჩნია, რომ ეს უსამართლობაა. მძღოლს მხოლოდ 250 ლარი გამოუწერეს — მათთვის ეს უმნიშვნელო თანხაა. ჯარიმა უფრო სერიოზული რომ იყოს, სხვა მძღოლები დასახლებულ პუნქტებში უფრო ფრთხილად იქნებოდნენ. საქონელი ამ გზაზე მაინც გადავა — სხვა სარწყულებელი და სხვა გზა არ გვაქვს. საერთოდ, როგორ უნდა დააკავო 10 ძროხა გადასვლისას? პირუტყვს არ ესმის, მძღოლი კი ყველაფერს ხედავს და შეეძლო გაჩერებულიყო“, — ამბობს წოვიკ მნაცაკანიანი.

მისი თქმით, თავდაპირველად პოლიციამ მათ აცნობა, რომ ზარალი ავტომობილის დაზღვევით დაიფარებოდა. თუმცა, კამერის ჩანაწერის ნახვის შემდეგ, სადაც ჩანს, როგორ გარბის კარაპეტი (მამამისის დასაძახებლად), მიიღეს გადაწყვეტილება ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ჩათვალეს, რომ საქონელი მეთვალყურეობის გარეშე იყო დატოვებული.

ჩვენი ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი არა სიჩქარის გადაჭარბების, არამედ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. საქონლის მფლობელი კი დაჯარიმდა იმის გამო, რომ ცხოველები სათანადო კონტროლის გარეშე იმყოფებოდნენ.

ახალქალაქი–კარწახის გზა უკვე რამდენიმე წელია სარეაბილიტაციო პროცესშია. წოვიკ მნაცაკანიანის თქმით, ამ მონაკვეთზე არ არის საჭირო საგზაო ნიშნები, მათ შორის ისეთები, რომლებიც მძღოლებს პირუტყვის შესაძლო გადასვლისა და დასახლებულ პუნქტში სიჩქარის შეზღუდვის შესახებ გააფრთხილებდა.

„სამშენებლო კომპანიას დროებითი საგზაო ნიშნები მაინც უნდა დაედგა. ისინი რომ ყოფილიყო, შევძლებდი დამემტკიცებინა, რომ მძღოლები ვალდებულნი არიან შეანელონ სიჩქარე. ხომ შეიძლება ძროხის ნაცვლად გზაზე ბავშვები აღმოჩნდნენ — სკოლის მოსწავლეებიც ხომ კვეთენ ამ მაგისტრალს. გარდა ამისა, სოფელში არ არის ე.წ. „მწოლიარე პოლიციელებიც“ (სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები)“, — ამატებს ის.

მიუხედავად იმისა, რომ გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ასფალტი უკვე დაგებულია, ობიექტი ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა. შესაბამისად, კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზება, მათ შორის შესაბამისი ნიშნების განთავსება.

საგზაო ნიშნები, რომლებიც ამ გზაზეა შემორჩენილი, მოძველებულია. ზოგ ადგილას, მაგალითად, კვლავ დგას ხელოვნური ბარიერის — ე.წ. „მწოლიარე პოლიციელის“ მაფრთხილებელი ნიშნები, თუმცა თავად ბარიერები გზაზე აღარ არსებობს.

karcax doroga

აღსანიშნავია, რომ მთელ ახალქალაქი–კარწახის ავტომაგისტრალზე პირუტყვის შესაძლო გადასვლის შესახებ მაფრთხილებელი ნიშნები მხოლოდ ორ ადგილას დგას — სოფელ კარწახისა და სოფელ ვაჩიანის შესასვლელებთან.

ცოვინარ მნაცაკანიანი ასევე აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ ხელი მოაწერა დოკუმენტს ქართულ ენაზე ისე, რომ მისი შინაარსი არ ესმოდა.

„ჩემმა მეუღლემ დოკუმენტს ხელი წაუკითხავად მოაწერა, რადგან ის ქართულ ენაზე იყო შედგენილი. მან ქართული არ იცის და არ იცოდა, კონკრეტულად რას აწერდა ხელს. გვითხრეს, რომ დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია და ვერაფერს შევცვლით“, — თქვა ცოვინარ მნაცაკანიანმა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფელ კარწახში ეს უკვე მეხუთე მსგავსი შემთხვევაა.

სოფლის მცხოვრებლები დაჟინებით მოითხოვენ საგზაო მონაკვეთზე ნიშნების სასწრაფოდ დამონტაჟებასა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას. მათი აზრით, ამის გარეშე არც მძღოლები და არც სოფლის მოსახლეობა არ არიან დაზღვეულნი ახალი შემთხვევებისგან, რასაც შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს.