საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციას, რომელიც პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლისა და ბოთლების აკრძალვას ითვალისწინებს, ნაჩქარევს და მოუმზადებელი უწოდებს. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დადგენილება ეკონომიკურ შოკს გამოიწვევს და მთავრობისგან გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის ნარჩენები ეკოლოგიური გამოწვევაა, ეკონომიკური გავლენა სათანადოდ არ არის შესწავლილი. მისი თქმით, რეგულაცია საზოგადოებას აიძულებს, მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე.
„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებით ამ წლის 1 ივლისიდან სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებს აეკრძალებათ სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ამავე დადგენილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან, აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე გაყიდვა. გამონაკლისია მხოლოდ 3 ლიტრზე მეტი მოცულობის წყალი და 20 ლიტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელები, რომელიც არ ექვემდებარება აკრძალვას. პარალელურად აიკრძალება ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი.
კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილ იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები. ამიტომ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული.
ეს რეგულაცია ფაქტობრივად აიძულებს საზოგადოებას, მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე.
ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილება გამოიწვევს:
პროდუქციის თვითღირებულების (დიდი ალბათობით) 20-დან 50%-ით ზრდას;
პროდუქციის არჩევანის შემცირებას; ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას;
სამუშაო ადგილების დაკარგვას.
მომხმარებელთან ერთად დაზარალდებიან დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეები.
ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს:
ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა;
ალტერნატიული შეფუთვის განვითარება;
სუფსიდიები ბიზნესებისთვის;
წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური შოკის ეფექტი გარდაუვალი იქნება.
ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისათვის საჭიროა: აკრძალვის ნაცვლად სისტემა გავხადოთ მართვადი – მთავარი პრობლემა არა პლასტმასი არამედ მისი მართვაა. შევქმნათ გადამუშავების ინფრასტრუქტურა. შემოღებულ იქნეს დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია.
აქედან გამომდინარე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალა” მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას გადაუდებლად ითხოვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.
დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.