დღეს, 5 აპრილს, ახალქალაქში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლმა ქრისტეს აღდგომა აღნიშნა. ეს დღესასწაული სომხური ეკლესიის ხუთ უმთავრეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთია.

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღდგომა ეწოდება. სომხური სიტყვა „ზატიკი“ (აღდგომა), სავარაუდოდ, მომდინარეობს სიტყვიდან „აზატუტიუნ, აზატველ“ (თავისუფლება, გათავისუფლება) და ნიშნავს ტანჯვისგან, ბოროტებისა და სიკვდილისგან დახსნას. მისი არსი სიკვდილიდან ახალ სიცოცხლეში, მიწიდან ზეცაში გადასვლაშია.

ჯავახეთში აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საეკლესიო დღესასწაულია.

აღდგომის სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში ტერ ნშან ამაიაკიანმა აღავლინა.

ლიტურგიის შემდეგ ეკლესიაში კვერცხების კურთხევის ცერემონია გაიმართა, რომლებიც შემდეგ დაარიგეს.

წმინდა აღდგომის სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტებია შეღებილი კვერცხი, მწვანილი, ბრინჯის ფლავი ქიშმიშით, თევზი და ღვინო. კვერცხი აღდგომისა და ახალი სიცოცხლის დაბადების სიმბოლოა, ხოლო წითელი ფერი განასახიერებს ჯვარცმული ქრისტეს მაცოცხლებელ სისხლს, რომელიც ჩვენი გადარჩენისთვის დაიღვარა.

აღდგომიდან მეორე დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღე — მერელოცი აღინიშნება.