სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაცაზე 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი), თევზეული (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.0 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.