ახალციხის მუნიციპალიტეტიდან წარმომავლობით ლარისა ამბარიანი „Miss Earth Armenia 2026“-ის გამარჯვებული გახდა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე ის სომხეთს ვიეტნამში, საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე „Miss Earth 2026“ წარადგენს.

ლარისა სომხეთის ეროვნულ სილამაზის კონკურსზე საუკეთესოდ აღიარეს.

ლარისა ქალაქ ვალეში დაიბადა, თუმცა ბავშვობა ახალციხეში გაატარა, სადაც ჩამოყალიბდა მისი მოგონებები, ფასეულობები და სამყაროს შესახებ პირველი შთაბეჭდილებები.

„მე ჯავახეთში დავიბადე, იქიდან არის ჩემი ფესვები, ბავშვობის მოგონებები და ჩემი ოჯახის ისტორია. ახლა სომხეთში ვცხოვრობ და სომხეთის სახელით საერთაშორისო სილამაზის კონკურსში ვმონაწილეობ. შესაძლოა, ბევრი ჯერ კიდევ არ მიცნობდეს, მაგრამ მე თავს ჯავახეთელ გოგონად მივიჩნევ და მსურს, ჩემი ნაბიჯები თქვენი სახელითაც გადავდგა“, — ამბობს ის.

ლარისას გზა სილამაზის კონკურსამდე არა ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით, არამედ საკუთარი ძალების რწმენით დაიწყო, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.

„მოდელირება და თვითგანვითარება ჩემთვის ყოველთვის თვითგამოხატვის საშუალება იყო. როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სომხეთი ამ პლატფორმაზე წარმომედგინა, მივხვდი, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვიყავი. იმ მომენტში გრძნობები ერთმანეთში იყო არეული: სიხარული, სიამაყე და უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს იყო არა მხოლოდ პირადი გამარჯვება, არამედ რწმენა იმისა, რომ შემიძლია ჩემი სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარვადგინო“.

ლარისა ხაზს უსვამს, რომ ყველაზე რთული საკუთარი თავის კონტროლია — ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად, ხოლო ყველაზე შთამაგონებელი სხვადასხვა ქვეყნის გოგონებთან ურთიერთობა და კულტურების გაზიარებაა.