საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენის 5.5-კილომეტრიანი სექცია ადგილმდებარეობას შეიცვლის – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის წარდგენილ განცხადებაში.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, მილსადენის ადგილმდებარეობის გადანაცვლება დაკავშირებულია სომხური მხარის მოთხოვნასთან, რადგანაც მილსადენის სომხური მონაკვეთი მდებარეობს სამმხრივ საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში და აღნიშნული ზონა სომხური მხარის ინფორმაციით, 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს აზერბაიჯანის მიერ დაინაღმა, რის გამოც მისი რეაბილიტაცია ვერ ხერხდება. ამიტომაც გადაწყდა, რომ მილსადენმა გადაინაცვლოს რამდენიმე კილომეტრით. მილსადენი, რომელსაც GOGC ააშენებს საზღვარზე, დაუკავშირდება სომხური მხარის მიერ აშენებულ ახალ მონაკვეთს.

პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ აღნიშნული მილსადენი წარმოადგენს სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ერთ-ერთ ძირითად მარშრუტს. არსებული სქემის ფარგლებში სომხეთი გაზს იღებს რუსეთისგან საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის (ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენის) და ყაზახ-საგურამოს მილსადენის 12-კილომეტრიანი განშტოების მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ მაგისტრალურ გაზსადენს უკავშირდება.

“სამმხრივი (სომხეთი, საქართველო და რუსეთი) სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით გადაწყდა სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება მომხდარიყო საქართველო რუსეთს შორის არსებული „ვლადიკავკაზთბილისის“ მაგისტრალურ გაზსადენით, რომელიც დაკავშირებულია „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალურ გაზსადენთან და აღნიშნული გაზსადენის 43,2 კმ-დან აშენდა წითელი „ხიდი-ბერდის“ 12 კმ სიგრძის 1020 მმ დიამეტრის ახალი გაზსადენი.

აღნიშნული გაზსადენის ბოლო ერთი კილომეტრი მდებარეობს სამმხრივი (აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველო) საზღვრის მახლობლად, 90-იან წლებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის დროს მოხდა ხსენებული მონაკვეთის დანაღმვა, შედეგად ამ მონაკვეთზე ვერ ხერხდება გაზსადენის სათანადო ექსპლუატაცია და გაზსადენზე ავარიული მდგომარეობის განვითარებისას საფრთხის ქვეშ დადგება სომხეთის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე შეუძლებელია უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დაცვა და სარემონტო სამუშაოების განხორციელება, სამმხრივი სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა გაზსადენის ხსენებული პრობლემური მონაკვეთის მოშორება აღნიშნული დანაღმული ზონიდან და უსაფრთხო მანძილზე ახალი გაზსადენის მშენებლობა.

საპროექტო გაზსადენის ტრასა, რომლის სიგრძე 5 548 მეტრია, იწყება საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადაც, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუკავშირდება სომხეთის მხრიდან ასევე მშენებარე გაზსადენს. საწყისი კოორდინატები: X-498308.078 Y-4570074.137,”- ნათქვამია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ წარდგენილ სკოპინგის ანგარიშში.

სომხეთი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს საქართველოს გავლით იღებს, 2025 წელს ქვეყანამ საქართველოს გავლით 2.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო.

იქამდე, სანამ აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტს დაიწყებდნენ, სომხეთის ბუნებრივი აირით მომარაგება ხდებოდა ყაზახ-ერევანის მილსადენის მეშვეობით, რომელიც აზერბაიჯანმა 1990 წელს გადაჭრა.

2026 წლის იანვარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ TRIP-ის პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანის და სომხეთის ენერგეტიკული ქსელის ხელახლა დაკავშირება და მილსადენების მშენებლობაც განიხილება.