საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში კლება დაფიქსირდა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე ფასებში სექტორის მოცულობა 5,7%-ით შემცირდა და 5,42 მილიარდი ლარი შეადგინა. შედეგად, სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა იმ მცირე სექტორებს შორის, რომლებმაც ზრდის ნაცვლად კლება აჩვენეს, მაშინ როდესაც გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა მთლიანობაში 7,5%-ით გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში 5,9% შეადგინა, რითაც მან მე-9 ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2024 წელს აგრარულ სექტორზე ქვეყნის ეკონომიკის 6,2% მოდიოდა.

სოფლის მეურნეობის სექტორის შეფასებისას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ითვალისწინებს სოფლის, ტყისა და თევზის მეურნეობის პირველად წარმოებას — ეს მოიცავს მეცხოველეობასა და ისეთ პირველად პროდუქტებს, როგორიცაა ხორბალი, ხილი, ყურძენი ან სხვა ნედლეული. ამ პროდუქტების გადამუშავება კი უკვე დამამუშავებელ მრეწველობაშია შესული. შესაბამისად, კვების პროდუქტების, ღვინისა თუ ხორცპროდუქტების წარმოება უშუალოდ სოფლის მეურნეობის სექტორში არ ითვლება.

ამრიგად, იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში სტატისტიკურად ზრდა დაფიქსირდეს, აუცილებელია პირველადი წარმოების მოცულობისა და პირველადი მწარმოებლების ბრუნვის მაჩვენებლების მატება.

უკვე რამდენიმე წელია, სოფლის მეურნეობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს. 2025 წელს სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო პროგრამების საერთო ბიუჯეტმა 667 მლნ ლარი შეადგინა, 2024 წლის 625 მლნ ლართან და 2021 წლის 601 მლნ ლართან შედარებით. 2022 წელს მან 661 მლნ ლარი შეადგინა. თავად პროგრამებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტი — 210 მლნ ლარი — გამოყოფილია შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაზე.

რამდენიმე დღის წინ კომპანია Galt & Taggart-მა წარადგინა კვლევა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მცირე მიწის მფლობელობებისა და სექტორის კორპორატიზაციის დაბალი ხარისხის გამო, მოსავლიანობა ჰექტარზე ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაბალია მსოფლიო და რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებზე. საქართველოში ხილის მოსავლიანობა ჰექტარზე შეადგენს 4,8 ტონას, მაშინ როცა რუსეთში მწარმოებლურობა შეადგენს 10 ტონას ჰექტარზე; უკრაინაში — 11-ს; ხოლო სომხეთში — 11,4 ტონას. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 11,7 ტონას. რაც შეეხება მარცვლეულს, საშუალო მოსავლიანობა საქართველოში შეადგენს 2,8 ტონას ჰექტარზე, მაშინ როცა აზერბაიჯანში — 3,4 ტონას, ამდენივეს თურქეთშიც; უკრაინა — 5,1 ტონა; ევროკავშირი — 5,2 ტონა. რაც შეეხება ბოსტნეულს, საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე საქართველოში შეადგენს 11,1 ტონას; უკრაინაში — 20,5 ტონას; რუსეთში — 29,8 ტონას; აზერბაიჯანში — 31,1 ტონას; სომხეთში — 35,6 ტონას; ხოლო თურქეთში — 42,3 ტონას.