აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ უკვე თითქმის სამი კვირაა გრძელდება — და ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები იმისა, რომ ის უახლოეს პერსპექტივაში დასრულდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ გავლენას ახდენს მეორე ომზე, რომელსაც რუსეთი უკვე ოთხ წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ამ კვირაში გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში ბრიტანულმა Financial Times-მა დონალდ ტრამპის ირანული კამპანია ვლადიმერ პუტინისთვის „საჩუქრად“ შეაფასა, თუმცა ამ კამპანიას აქვს გარკვეული შედეგებიც, რომლებიც მოსკოვისთვის არც ისე ხელსაყრელია. კონკრეტულად რითია სახიფათო ირანის წინააღმდეგ ომი უკრაინისა და რუსეთისთვის?

სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი დარტყმების პირველი და ყველაზე აშკარა შედეგი გახდა სამმხრივ ფორმატში (უკრაინა-აშშ-რუსეთი) სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება, რომელიც მარტის პირველ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უნდა გამართულიყო.

აშკარაა, რომ მხარეებისთვის არც ისე კომფორტული იქნებოდა მშვიდობაზე საუბარი იმ დროს, როდესაც მათ თავზე ირანული დრონები დაფრინავენ, მათ შორის „შაჰედის“ ტიპის (დაახლოებით იმავე კონსტრუქციის, რომელსაც რუსეთი უკვე დაახლოებით ოთხი წელია უკრაინის წინააღმდეგ იყენებს).

თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან მიზეზზე სამშაბათს BBC-სთან ინტერვიუში ვლადიმერ ზელენსკიმ ისაუბრა.

„ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს ამ ომის უკრაინის სიტუაციაზე გავლენის შესახებ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. — ამერიკის ყურადღების ფოკუსი ახლო აღმოსავლეთზე უფროა მიმართული, ვიდრე უკრაინაზე, სამწუხაროდ. ამიტომ ხედავთ, რომ ჩვენი […] სამმხრივი შეხვედრები მუდმივად გადაიდება. მიზეზი კი ერთია -ომი ირანში“.

იმის შესახებ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები „პაუზაზეა დაყენებული“, ამ კვირაში კრემლშიც საუბრობდნენ. გასულ კვირას Financial Times პირველი წერდა იმის შესახებ, რომ ირანის ომის ფონზე დონალდ ტრამპი უკრაინის სამშვიდობო პროცესის მიმართ „ინტერესს კარგავს“.

მაგრამ ირანში ომი რომც არ დაწყებულიყო და სამმხრივი მოლაპარაკებები მაინც შემდგარიყო, რთული წარმოსადგენია, რომ მათ სწრაფად მივეყვანეთ უკრაინაში ცეცხლის რეალურ შეწყვეტამდე.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ამერიკული დაზვერვა ადასტურებს იმას, რაზეც ტრამპის თეთრ სახლში ყოფნის პირველი წლის განმავლობაში ჟურნალისტები მუდმივად წერდნენ: რუსეთს ჯერჯერობით არ აქვს საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზეზი, რადგან ის „ინარჩუნებს უპირატესობას“ და „სავარაუდოდ, გააგრძელებს გამოფიტვაზე გათვლილ ომს, რითაც შეეცდება კიევის შესაძლებლობებისა და წინააღმდეგობის გაწევის ნების შერყევას“.

ტრამპი უკვე დიდი ხანია იმუქრებოდა, რომ შეწყვეტდა რუსეთ-უკრაინის ომის გაჩერების მცდელობებს, თუ წარმატების ნათელ პერსპექტივას ვერ დაინახავდა. ახლა მას, როგორც ჩანს, ამისთვის აშკარა საბაბი გაუჩნდა.

მსოფლიოში რაკეტების მარაგი იწურება
BBC-სთან ინტერვიუში ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის კიდევ ერთ, სრულიად პრაქტიკულ შედეგზე ისაუბრა. მათი დარტყმების საპასუხოდ, თეირანმა მეზობელი ქვეყნების რაკეტებითა და დრონებით დაბომბვა დაიწყო – მათ გამოსაჭერად კი, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლო აღმოსავლეთში განთავსებულმა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა პირველივე სამ დღეში 800-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს.

„უკრაინას მთელი ამ დროის განმავლობაში დარტყმების მოსაგერიებლად ამდენი რაკეტა არასდროს ჰქონია“, — განაცხადა ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ.

ეს ძალიან დიდი ციფრია – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ Patriot-ისთვის განკუთვნილი ერთი PAC-3 რაკეტის ღირებულება დაახლოებით 3,7 მლნ დოლარია. ექსპერტების გათვლებით, ამჟამად მსოფლიოში წელიწადში მხოლოდ 580-მდე PAC-3 რაკეტა იწარმოება.

კიევი Patriot-ის რაკეტების ნაკლებობაზე ხშირად ჩიოდა – ჯერ კიდევ ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის დაწყებამდე. ის მათზე კრიტიკულად არის დამოკიდებული, რადგან მხოლოდ ასეთი სისტემები იძლევა იმ ბალისტიკური რაკეტების ეფექტურად ჩამოგდების საშუალებას, რომლებითაც რუსეთი მუდმივად ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში იწინასწარმეტყველა, რომ ახალი ომი სრულიად გარდაუვლად გამოიწვევს Patriot-ის „გამჭერი“ რაკეტების დეფიციტს, რაც უკრაინისთვის სერიოზული პრობლემა გახდება.

დრონები, როგორც უკრაინის ახალი „კოზირები“
დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეპლიკა, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვლადიმერ ზელენსკისთან კამათისას ერთი წლის წინ გაჟღერდა, იყო მტკიცება, თითქოს უკრაინას „კარტები (კოზირები) არ აქვს“, ანუ არ გააჩნია ძალისმიერი არგუმენტები რუსეთთან დაპირისპირებაში. თუმცა, აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ აჩვენა, რომ კიევს გაუჩნდა მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი „კოზირი“, რომელიც ამჟამად აშშ-საც კი არ აქვს.

რუსეთთან ოთხწლიანი კონფლიქტის განმავლობაში, უკრაინამ შეიმუშავა რუსულ დრონებთან ბრძოლის ეფექტური ტექნოლოგიები (რომლებიც თავდაპირველად უპირატესად ირანული იყო). კიევმა დაიწყო საკუთარი იაფი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, რომელთა საშუალებითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის თქმით, „შაჰედების“ დაახლოებით 70% ნადგურდება.

უკრაინა ირანულ „შაჰედებთან“ საბრძოლველად სპეციალისტებს ახლო აღმოსავლეთში აგზავნის. რა არის ცნობილი ამის შესახებ?

5 მარტს ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას ახლო აღმოსავლეთში ირანულ დრონებთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა და მან უკვე გასცა განკარგულება ამ თხოვნის შესრულების შესახებ. მედია ასევე წერდა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა გამოხატეს ინტერესი უკრაინული დრონ-გამჭერების შესყიდვის მიმართ.

ამ უქმეებზე ტრამპს ჰკითხეს, მართლა ეხმარება თუ არა უკრაინა აშშ-ს ირანულ დრონებთან ბრძოლაში. აშშ-ის პრეზიდენტმა საკმაოდ ნერვიულად უპასუხა და განაცხადა, რომ ვაშინგტონს ასეთი დახმარება არ სჭირდება და საერთოდ, „ზელენსკი ბოლო ადამიანია, ვისგანაც დახმარება გვჭირდებაო“.

მიუხედავად ამისა, სამშაბათს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში უკვე იმყოფება 201 უკრაინელი. მისი თქმით, „სამხედრო ექსპერტები, რომლებმაც იციან, როგორ დაეხმარონ და როგორ დაიცვან თავი „შაჰედის“ ტიპის დრონებისგან“, უკვე ჩავიდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და საუდის არაბეთში, და ახლა ქუვეითისკენ მიემართებიან.

ნავთობისა და გაზის „საჩუქრები“ რუსეთისთვის
ირანის ომის მთავარი პრაქტიკული შედეგი რუსეთისთვის არის მოულოდნელი საბიუჯეტო „ბონუსი“, რომელიც მან ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი მატების შედეგად მიიღო.

როგორც ცოტა ხნის წინ ჩვენი კოლეგა, სერგეი კაგერმაზოვი განმარტავდა, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებულმა აშშ-ისა და ევროპის სანქციებმა რუსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი „ხვრელი“ წარმოქმნა. ნავთობიდან მიღებული ახალი შემოსავლები ამ დანაკლისს სრულად ვერ აანაზღაურებს, თუმცა მოსკოვისთვის გარკვეული შეღავათი იქნება. FT-ის გამოთვლებით, მარტის ბოლომდე რუსეთის ბიუჯეტმა ამ წყაროდან შესაძლოა დამატებით 3,3-დან 4,9 მილიარდ დოლარამდე მიიღოს.

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო ბაზარზე საწვავის დეფიციტმა დონალდ ტრამპი აიძულა, დროებით გაეუქმებინა სანქციები იმ რუსულ ნავთობზე, რომელიც უკვე ტანკერებშია მოთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯს შეზღუდული ეკონომიკური გავლენა აქვს, ის პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და უკვე გამოიწვია ევროპული ქვეყნების მკვეთრი კრიტიკა.

თუმცა, როგორც BBC-ის ეკონომიკური მიმომხილველი ალექსეი კალმიკოვი განმარტავს, მოსკოვს კიდევ უფრო დიდ (და უკვე სტრატეგიულ) სარგებელს მოუტანს კონფლიქტის ახალი ესკალაცია და ირანის დარტყმები ყატარის უმსხვილეს გაზის ქარხანაზე. ამ დარტყმების შემდეგ ევროპაში გაზის ფასი 30%-ით გაიზარდა.

მსოფლიო ბაზარზე ყატარული გაზის დეფიციტი (რომელზეც პირველ რიგში აზიის ქვეყნები არიან დამოკიდებულნი) თეორიულად რუსეთს შეიძლება დაეხმაროს ევროპაში გაზის ექსპორტის აღდგენაში.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ასევე შესაძლოა უბიძგოს ჩინეთს მოსკოვთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი შეთანხმებების გაფორმებისკენ – რაც რუსეთს მომავალი მრავალი წლის განმავლობაში შემოსავლის დამატებით წყაროებს გაუჩენს, აღნიშნავს ჩვენი მიმომხილველი.

ევროპისთვის უკრაინის დახმარება უფრო გართულდება
მას შემდეგ, რაც აშშ-მა, ტრამპის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად შეწყვიტა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევა, კიევის დაფინანსების მთავარი წყარო ევროკავშირი გახდა. თუმცა, ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, ევროპისთვის უკრაინის დახმარება უფრო გართულდება – როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით.

ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა, თუმცა მის ბლოკირებას კვლავ განაგრძობს უნგრეთი. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა – ერთადერთმა ევროპელ ლიდერებს შორის, რომელიც პუტინთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს – ეს ახსნა კიევის უარით, აღადგინოს რუსული ნავთობის მიწოდება ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით.

უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ევროპულ ერთიანობაში ახალი ბზარებიც ჩნდება. გასული წლის ბოლოს ჩეხეთის მთავრობას სათავეში ჩაუდგა ევროსკეპტიკოსი ანდრეი ბაბიში, სლოვაკეთს კი უკვე მესამე წელია მართავს კიევისთვის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგე რობერტ ფიცო.

ამ კვირაში კი ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა, გამოცემა L’Echo-სთან ინტერვიუში მოუწოდა „რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და იაფი ენერგიის წყაროებზე წვდომის აღდგენისკენ“.

„დახურულ კარს მიღმა ევროპელი ლიდერები მეუბნებიან, რომ მართალი ვარ, მაგრამ ამის ღიად თქმა არავის ჰყოფნის გამბედაობა“, – ამტკიცებს ვევერი.

ამ კვირაში ვლადიმერ ზელენსკი ევროპის ქვეყნებში ტურნეში გაემგზავრა – აშკარაა, რომ მას ესმის ირანის ომთან დაკავშირებული ყველა საფრთხე და ცდილობს, არ დაუშვას უკრაინის საკითხის მსოფლიო დღის წესრიგიდან ამოვარდნა.

მისი იმედები, პირველ რიგში, უკავშირდება იმას, რომ ევროპის უმსხვილესი მოთამაშეები – საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი -ჯერჯერობით ინარჩუნებენ სრულ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი.

ევროპის ჩამოყალიბებული პოზიცია ოთხშაბათს, ზელენსკისთან შეხვედრისას, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ჩამოაყალიბა:

„არ შეიძლება უარვყოთ, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი დისკუსიის მონოპოლიზებას ახდენს – სწორედ ამ მიზეზით მინდა განვუცხადო უკრაინის მთავრობას, რომ ვერაფერი და ვერავინ დაგვავიწყებს იმას, რაც უკრაინაში ხდება“.

აღსანიშნავია, რომ სწორედ სანჩესი ითვლება ევროპაში დონალდ ტრამპის მთავარ მოწინააღმდეგედ: მან ვაშინგტონის მიერ დაწყებულ ომს ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და აშშ-ს ამ ოპერაციისთვის ესპანური სამხედრო ბაზების გამოყენების ნება არ დართო.

მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი ეს ომი?
რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი პუნქტით ირანის ომის შედეგები უკრაინისთვის არ შემოიფარგლება. უნდა გვახსოვდეს მისი საერთო გეოპოლიტიკური კონტექსტიც, როდესაც სიმტკიცეზე იცდება არა მხოლოდ ამერიკული არმიის ძალა, არამედ ნატოს — იმ ალიანსის ერთიანობა, რომელშიც აშშ ძირითადი ძალაა.

ტრამპი არ მალავს გაღიზიანებას იმის გამო, რომ ალიანსის წევრებმა უარი თქვეს დახმარებოდნენ მას ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში. ნატოს ნებისმიერი დასუსტება კი მოსკოვისთვის მომგებიანია, რადგან ის ამ ორგანიზაციას თავის მთავარ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

მეორე მხრივ, კონფლიქტის შედეგად მნიშვნელოვნად დასუსტდა ირანიც — რუსეთის ერთ-ერთი იმ მცირე მოკავშირეთაგანი, რომელიც მხარს უჭერდა მის ომს უკრაინის წინააღმდეგ დრონების, რაკეტებისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებით.

თუმცა, ბოლო სამი კვირის მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთი ჯერჯერობით რჩება მსოფლიოს ერთადერთ ქვეყნად (შესაძლოა, ისრაელის გამოკლებით), რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ახალი ომიდან აშკარად უფრო მეტს იგებს, ვიდრე კარგავს.