ეუთო-ს 24-მა წევრმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და საქართველოს მოუწოდა, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები.
ერთობლივი განცხადების ტექსტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ანგარიში შეიცავს 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებული მოვლენების დეტალურ და სარწმუნო შეფასებას, ასევე სთავაზობს მკაფიო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლებას, წევრ სახელმწიფოებსა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებას. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს, სრულად განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.
„პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ.
მეორეც, საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობა, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის კანონებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ და მათთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას.
მესამეც, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან, გააუქმოს თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მოტივით დაკავებული ყველა პირი.
მეოთხე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, უკან გაიწვიოს ამ საკითხზე განსახილველად წარდგენილი განცხადებები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.
დაბოლოს, ანგარიშში ხაზგასმულია სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობა სასამართლოების დამოუკიდებლობის გაძლიერების, სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიების უზრუნველყოფისა და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირების გზით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დიდი ხნის წინანდელი რეკომენდაციების შესაბამისად“, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი.