ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ (სმპ) ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ზედიზედ უკვე მეოთხე წელია, სოფლების უმრავლესობისთვის პრიორიტეტულ სამუშაოდ გარე განათების მოწყობა რჩება.

ახალქალაქის მერიისთვის შეხვედრების ოქმები ყველა სოფელს ჯერ არ წარუდგენია — დოკუმენტაცია კიდევ 17 დასახლებული პუნქტიდანაა მოსალოდნელი. თუმცა, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, არა მოვსესიანის განცხადებით, თვის ბოლომდე ყველა ოქმი შეგროვდება და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეცემა.

მისივე თქმით, წელსაც სოფლებისთვის მთავარ პრიორიტეტად გარე განათების გაყვანა რჩება. ეს სამუშაო ყველაზე მოთხოვნადი იყო 2023, 2024 და 2025 წლებშიც.

ამასთან, წელს გარკვეული ცვლილებები შევიდა: თუ ადრე პროექტებში ელექტროენერგიის მრიცხველების მონტაჟიც შედიოდა, წელს ეს სამუშაო პროგრამიდან ამოღებულია.

„წელს პროექტში მრიცხველები არ ჩამირთავს. მოგვიანებით, სოფელს შეუძლია განცხადებით მიმართოს ეკონომიკის სამსახურს და მათი დამონტაჟება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მოხდება“, — განაცხადა არა მოვსესიანმა.

სოფლების უმრავლესობაში მოსახლეობამ თითო პროექტი აირჩია. განათების მოწყობის შემდეგ, პრიორიტეტულობის მიხედვით მეორე ადგილზე რიტუალური დარბაზების რეაბილიტაცია და მათთვის ავეჯის შესყიდვაა.

არა მოვსესიანის თქმით, არის პროექტები, რომლებიც დაუსრულებელი რჩება და მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. მათ შორისაა სოფელ კოკიასა და მერენიის ახალგაზრდული ცენტრების რემონტი. მისივე განმარტებით, დაფინანსების 200%-ით გაზრდაც კი ვერ უზრუნველყოფდა ამ სამუშაოების დასრულებას.

აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 თებერვალს დაიწყო და 25 თებერვალს დასრულდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ 922 000 ლარი გამოიყოფა. თითოეული სოფელი გარკვეულ თანხას იღებს, მოსახლეობა კი კრებაზე თავად წყვეტს, რას მოახმაროს იგი. მინიმალური თანხა შეადგენს 10 000 ლარს, მაქსიმალური კი — 20 000 ლარს; დაფინანსების ოდენობა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება. გამონაკლისი იყო 2017–2018 წლები, როდესაც მისი მოქმედება დროებით შეჩერებული იყო.