ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში, ოთხი სოფლის გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 7 396 054 ლარს შეადგენს. ერთ გზაზე კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილია, ორ პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო მეოთხე ობიექტის შესყიდვა შეთანხმების ეტაპზეა. დაფინანსების ძირითად ნაწილს სახელმწიფო ფარავს, ხოლო საერთო ღირებულების 5%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი გამოყოფს.

ამ ოთხი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი მთლიანი თანხიდან, დაახლოებით 6 365 756 ლარს რეგიონული განვითარების ფონდი გამოყოფს, ხოლო 335 042 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა.

უკვე ცნობილია იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც სოფელ ზაკისკენ მიმავალი გზის (ცენტრალური ტრასიდან) სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს. ტენდერში კომპანია „არალიმ“ გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოები 1 669 581 ლარად შეაფასა (საწყისი ღირებულება არ შეუცვლია). კომპანია კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო. აღნიშნული თანხიდან 1 586 101 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის წილია, ხოლო 83 480 ლარი — ადგილობრივის. გზის სიგრძე 2,734 კილომეტრია.

ასევე, გამოცხადდა ტენდერი კარტიკამი — ბუზავეთის გზის რეაბილიტაციაზე. წინადადებების მიღების ვადა 20 მარტს იწურება. პროექტის ღირებულება 1 933 569 ლარია, საიდანაც 1 836 890 ლარს სახელმწიფო გამოყოფს, ხოლო 96 679 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა. გზის სიგრძე 4,175 კილომეტრია.

გარდა ამისა, გამოცხადდა ტენდერი სოფელ მურჯახეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციაზე (ხოსპიოს მხრიდან). სამუშაოების საერთო ღირებულება 2 938 476 ლარს შეადგენს. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 27 მარტია.

რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება გზა სოფელ ქარცეფიდან სოფელ აზმანამდე. მონაკვეთის სიგრძე 1,725 კილომეტრია, ხოლო სამუშაოების ღირებულება 854 428 ლარს შეადგენს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, როზა იორდანიანის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ამჟამად შეთანხმების ეტაპზეა.

„ტენდერის გამოცხადებამდე პროექტებს ჯერ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ვათანხმებთ, შემდეგ — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცხადებთ ტენდერს. მეოთხე პროექტის დოკუმენტაცია შესათანხმებლად უკვე გაგზავნილია“, — განმარტა როზა იორდანიანმა.