საქართველოს დედაქალაქში ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა გამოიწვია. თბილისის მერიის მონაცემებით, დაზიანდა და წაიქცა ელექტროგადამცემი ხაზების რამდენიმე საყრდენი ბოძი.
მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უხვი სველი თოვლის გამო ხეების მოტეხვისა და წაქცევის შემთხვევების მატების გამო, ხეების ქვეშ გადაადგილება დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ხეების წაქცევის მრავალი შემთხვევა, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები და გადაკეტა გზები. რამდენიმე ადგილას გაწყდა ინტერნეტის კაბელებიც და მომსახურე კომპანიები აქტიურად მუშაობენ მათ აღსადგენად…
მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და სწრაფი რეაგირებისთვის“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.