ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის ბაზრის ანალიზის თანახმად, რომლის საფუძველზეც “ქართულმა ოცნებამ” უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება განსაზღვრა, შემდგომ 5 წელში მოსალოდნელია 99 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ 2026 წელს კერძო სექტორში დაახლოებით 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
შესაბამისად, პროგნოზია, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მიმდინარე წელს 960 ათასამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის 1 მილიონს გადააჭარბებს.
ანალიზის თანახმად, 2025 წელს, 2021 წელთან შედარებით, დასაქმების ზრდა შეადგენს 151 ათასს, ხოლო კოვიდ პანდემიის ეფექტის გამორიცხვით – პანდემიამდელ ტრენდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 96 ათასია.
პრეზენტაციის მიხედვით, კერძო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შეფასების წყარო უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევები და სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზებით მოთხოვნის კორექტირებაა. მაკროეკონომიკური პროგნოზები კი მათ შორის მოიცავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა 6%-ის ფარგლებში იქნება. ასევე არის მითითება, რომ მოდელში გათვალისწინებულია დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: ანაკლიის პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის ახალი აეროპორტი და სხვა მსხვილი პროექტები.
კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5-წლიან პერსპექტივაში ჯამში 64 095 ადამიანს შეადგენს.