საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების განაწილების მაქსიმალური კვოტები დამტკიცდა. ეს ნიშნავს, რომ მომავალ სასწავლო წელს სტუდენტები არჩევანს უნივერსიტეტებში არსებული ფაკულტეტების მიხედვით გააკეთებენ. მიუხედავად ამისა, ბევრი გაურკვეველი კითხვა არსებობს „1+4“ პროგრამასთან დაკავშირებით. დაზუსტებული არ არის არა მხოლოდ მომავალ სასწავლო წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობა, არამედ გაურკვეველია იმ სტუდენტების ბედიც, რომლებიც უკვე სწავლობენ მოსამზადებელ პროგრამაზე და რომელთა დასრულების შემდეგაც მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში სასურველი სპეციალობა აღარ იქნება.
მაგალითად, თსუ-ში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) აღარ იფუნქციონირებს სამედიცინო ფაკულტეტი. თუ სტუდენტი „1+4“ პროგრამით ამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა იმ მიზნით, რომ მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ სწავლა მედიცინის მიმართულებით გაეგრძელებინა, პირველი სემესტრის ბოლოს იგებს, რომ სექტემბრიდან ეს ფაკულტეტი მის უნივერსიტეტში აღარ იქნება. რას სთავაზობს მთავრობა ამ სტუდენტებს? იქნება თუ არა შესაძლებელი მათი სხვა უნივერსიტეტში გადასვლა, თუ ისინი იძულებულნი გახდებიან, შეიცვალონ სასურველი პროფესია?
ამ და სხვა საკითხებზე Jnews ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, აქტივისტ ედიკ ქამალიანს. მისი აზრით, საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც მიმდინარე წელს ხორციელდება, სრულიად ანტიკონსტიტუციურია, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, რომელიც იცავს მოქალაქეების განათლებისა და აკადემიური თავისუფლების უფლებას.
ეგრე წოდებული რეფორმის ერთადერთი მიზანი აკადემიურ საზოგადოებაზე კონტროლის დამყარებაა. მისი განხორციელება სრულად ზღუდავს სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ განათლების, მეცნიერებისა და კვლევების განვითარებისთვის. ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა გვაბრუნებს საბჭოთა კავშირში, სადაც ხარისხიანი და სტუდენტზე ორიენტირებული განათლება არ არსებობდა“, – ამბობს ის.
ედიკის დარწმუნებით, უდავოა, რომ საგანმანათლებლო სისტემა საჭიროებს რეფორმას, თუმცა ცვლილებების ფორმა და მასშტაბი საჯარო და აკადემიურ კონსულტაციებს უნდა ეფუძნებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად დაზიანდება.
„განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რეფორმის შესაძლო გავლენა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებზე, რომლებიც უნივერსიტეტებში „1+4“ პროგრამის ფარგლებში ირიცხებიან. ეს პროგრამა ეროვნული უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების მნიშვნელოვანი მექანიზმია: ისინი გადიან ქართული ენის ერთწლიან მოსამზადებელ კურსს, შემდეგ კი სწავლას ბაკალავრიატზე აგრძელებენ. განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლამდე გაგრძელდება.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ რჩება არაერთი გაურკვეველი საკითხი. მაგალითად:
ამ კითხვებთან დაკავშირებით ედიკმა განათლების სამინისტროს მიმართა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. იგი ელოდება პასუხს, რომელსაც მიღებისთანავე გაასაჯაროებს.
ის ასევე პრობლემურად მიიჩნევს პრინციპს „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი“, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს აბიტურიენტთა არჩევანის თავისუფლებას. მაგალითად, თუ პოლიტოლოგიის შესწავლა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება შესაძლებელი, აბიტურიენტებს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არჩევანის საშუალება აღარ ექნებათ. ასეთი მოდელი განსაკუთრებით უარყოფით გავლენას მოახდენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე, რადგან ძირითადი პროგრამები, რომლებზეც ისინი ტრადიციულად აგრძელებენ სწავლას (ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია და ა.შ.), ერთ უნივერსიტეტში მოიყრის თავს.
„მით უმეტეს, როდესაც მომავალი სასწავლო წლიდან განათლება ყველასთვის „უფასო“ ხდება. ეს ზრდის კონკურენციას და მოქმედი კვოტების სისტემის პირობებში, მათი წვდომა უმაღლეს განათლებაზე იზღუდება. ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების ჩართულობა უმაღლეს განათლებაში პირდაპირ კავშირშია მათ სოციალურ ინტეგრაციასთან. უნივერსიტეტში სწავლა, ქართულ ენაზე კომუნიკაცია და მრავალეროვან გარემოში ყოველდღიური ურთიერთობა აძლიერებს საერთო სამოქალაქო იდენტობის განცდას. შესაბამისად, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ამ ხელმისაწვდომობას ამცირებს, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ინტეგრაციის პროცესზე და გაზარდოს გაუცხოების შეგრძნება“.
ედიკ ქამალიანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების პროცესის გადახედვა და მისი შემუშავება აკადემიური საზოგადოების, განათლების ექსპერტებისა და დაინტერესებული ჯგუფების ფართო ჩართულობით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. მხოლოდ საკონსულტაციო და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყოფს ისეთი ცვლილებების მიღებას, რომლებიც რეალურად გააძლიერებს საგანმანათლებლო სისტემას და არ დააზიანებს მოწყვლად ჯგუფებს.