18 თებერვალს, ახალქალაქში, ყოფილ „მე-15 ქალაქში“, აღმაშენებლის ქუჩის №20 კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი ჩამოანგრია.
ახალქალაქში უკვე მეორე დღეა ძლიერი ქარია, რასაც ჰაერში ნაგავი და მტვერი ააქვს, თუმცა დღეს სტიქიამ მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი დააზიანა. ალუმინის საფარი და ფიცრები, რომლებიდანაც ლურსმნები იყო ამოშვერილი, კორპუსის სიახლოვეს დაეცა და იქვე გაჩერებული ავტომობილის მინა ჩაამსვრია. შემთხვევის შედეგად სასწაულებრივად არავინ დაშავებულა, რადგან იმ მომენტში სიახლოვეს არავინ იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. №20 კორპუსის ეზო პოლიციის ლენტით შემოიფარგლა.
ზედა სართულების მცხოვრებთა ერთ-ერთი ვერსიით, ქარი სახურავის ქვეშ სადარბაზოს კარისა და იმ სავენტილაციო მილის მეშვეობით შეაღწია, რომელიც გაზის კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით დაამონტაჟა. ძლიერი ქარის მიერ სახურავის გადახდის გამო, სადარბაზოში ქვიშა და ქვები ჩამოცვივდა. №19 და №20 ბინების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქვები სასწაულებრივად არავის დაეცა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მცხოვრები სახლში შევიდა, ზემოდან ყველაფერი ჩამოიშალა, მათ შორის დიდი ქვები და ბეტონის ნატეხები.
„თითქოს ქარიშხალი შემოიჭრა, ყველაფერი აიტაცა და სახურავი მთლიანად მოგლიჯა. მადლობა ღმერთს, მეზობლის შვილმა ბინაში შესვლა მოასწრო. სახურავი ორჯერ გამოვცვალეთ: მაშინ, როცა ბინა ახალი ნაყიდი გვქონდა და ორი წლის წინ. რემონტის გაკეთებას ვაპირებდით, ამიტომ ჩემმა შვილმა გადაწყვიტა სახურავი წინასწარ გამოეცვალა, რომ შემდეგ წყალი არ ჩამოსულიყო. რა მოხდა, თავადაც ვერ მივხვდით“, — ამბობს №19 ბინის მაცხოვრეელი.
პოლიციამ გამოკითხა და დააფიქსირა დაზარალებული მაცხოვრებლები, რომლებმაც მათ დახმარებისთვის მიმართეს.
„ხვალ თოვლს ველოდებით. თუ სახურავი ასე ღიად დარჩება, დიდი პრობლემები შეგვექმნება“, — ამბობენ კორპუსის მობინადრე.

ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ყოფილი „მე-15 ქალაქის“ მრავალბინიანი კორპუსები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მნაცაკან ფამბუხჩიანის განცხადებით, მაცხოვრებლებს დახმარებისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა მომართვის შემთხვევაში მათ ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ.