2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური გაიზრდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის. BM.GE-მ ინფორმაციისთვის მიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, რომელმაც ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ვიზიტორთა კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ინერგება ე.წ. „კომბო-ბილეთები“, რომლებიც ერთი ბილეთით რამდენიმე ლოკაციაზე შესვლის საშუალებას იძლევა. სააგენტოს განმარტებით, ფასების განახლება მიზნად ისახავს უწყების საქმიანობის შემდგომ გაძლიერებას.
ძირითადი ცვლილებები:
ოკაცეს ჩანჩქერი და ნავენახევის მღვიმე: შესვლის საფასური უცვლელი რჩება, თუმცა ეს ტერიტორიები ერთიანდება კომბინირებულ ბილეთებში, რაც ორივე მათგანზე ერთდროულად შესვლის საშუალებას იძლევა.
მარტვილისა და ოკაცეს კანიონები:
საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 12 ლარიდან 16 ლარამდე გაიზრდება (+33%).
უცხოელებისთვის მარტვილის კანიონზე ფასი ორმაგდება და 40 ლარი გახდება (+100%).
ოკაცეს კანიონზე უცხოელებისთვის ფასი 20 ლარიდან 30 ლარამდე მოიმატებს (+50%).
პრომეთეს მღვიმე:
უცხოელებისთვის ფასი 25 ლარიდან 40 ლარამდე იზრდება (+60%).
საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის — 13 ლარიდან 16 ლარამდე (+23%).
მღვიმეში ნავით გასეირნების საფასური უცხოელებისთვის 20 ლარიდან 30 ლარამდე მოიმატებს (+50%).
სათაფლია:
უცხოელებისთვის შესვლის საფასური 20 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება (+50%).
საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის — 10 ლარიდან 15 ლარამდე (+50%).
საინტერესო დეტალი: ყველა დაცულ ტერიტორიაზე საქორწინო ცერემონიის დაჯავშნა შესაძლებელი იქნება 100 ლარად.