მთავრობა პლასტმასის ბოთლებით მარკეტებში სასმლის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. რაც შეეხება ვადებს, სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ახალი აკრძალვის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ უნდა ვთქვათ პლასტმასზე უარი და ნებისმიერ მარკეტებში, ქსელებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს არის შემდგომი ეტაპი. ამიტომ ეს იქნება მომავალი წლის, სავარაუდოდ თებერვლიდან. ესეც ინიციატივაა ჯერ, რა თქმა უნდა, მთავრობას არ მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ ისე მივდივართ ეტაპობრივად, რომ ბიზნესს უცებ არ დააწვეს…”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
პავლიაშვილის თქმით, აკრძალვა არ შეეხება ზეთის პლასტმასის ბოთლში გაყიდვას და ასევე 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ბოთლებით წყლის გაყიდვას. დანარჩენ ყველა შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით სასმლის გაყიდვა აიკრძალება. ასევე, შეზღუდვა არ შეეხება ექსპორტს.
“ჩვენ მზესუმზირის ზეთზე თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ ის მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი განმსაზღვრელია. დასამალი არ არის და უნდა ითქვას, რომ ერთჯერადად შესაძლებელია ეს პროდუქცია გაძვირდეს კიდეც სწორედ მასალის გამო. ამიტომ, თავი შევიკავეთ ზეთთან დაკავშირებით. რაც შეეხება წყალს, დავაზუსტებ – 10 ლიტრამდე კი არა, 10 ლიტრის ზევით რჩება გამონაკლისებში, იმიტომ რომ 10 ლიტრამდე შესაძლებელია იმპროვიზაციები დაიწყოს და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელების ჩამოსხმა დაიწყონ, იგივე 3-ლიტრიანებში და არის კიდეც 4-იანში, 5-იანში და ასე შემდეგ. მაგრამ 10 ლიტრს ზევით მარტო წყალი დავტოვეთ, იმიტომ რომ წყლის შემთხვევაში, რეგიონებში და თბილისში ხშირად წყლის მიწოდება შეფერხებით ხორციელდება, ამიტომ მივეცით მოსახლეობას ამ მიმართულებით [საშუალება], შეძლონ გამოიყენონ… სხვა სასმელები გამორიცხული არის”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
რა ეტაპზეა შესაბამის რეგულაციაზე მუშაობა და აღნიშნული რომელი ქვეყნ(ებ)ის პრაქტიკას ეყრდნობა, ჯერ უცნობია. bm.ge-იმ შესაბამისი კითხვებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიმართა და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება ბიზნესის პოზიციას, პავლიაშვილის თქმით, როცა მთავრობა შეხვდა კერძო სექტორს და გააცნო “სამომავლო ამოცანები”, მათი წუხილი იყო ვადებთან დაკავშირებით და ისინი ვადის გადაწევას ითხოვდნენ, თუმცა, პავლიაშვილის თქმით, “ახლა უკვე იმდენი ვადა აქვთ მიცემული მათ, რომ ეს საკმარისი უნდა აღმოჩნდეს და ალტერნატივები უკვე არსებობს, იგივე ქილაში ჩამოსხმული”.
“ახლა კომპანია რომ დავასახელო თავს შევიკავებ, რეკლამაში გამომივა, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც ფაქტობრივად იმდენს აწარმოებენ ქილაში ჩამოსხმულს, რაც ფაქტობრივად თანასწორი არის პლასტმასში ჩამოსხმულთან და ამიტომ ახლა უნდა გადავეწყოთ ამაზე, ყველამ ეს სახელმწიფოს პოლიტიკური ნება უნდა გავითავისოთ, როგორც საზოგადოებამაც, პირადად ჩემგან დაწყებული, თქვენგან დაწყებული, ყველამ და რა თქმა უნდა, იგივე ტელევიზიებმაც, ყველამ და ყველას გვჭირდება აქ ცნობიერების ამაღლება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად ყველანი შევძლებთ, რომ ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის კატასტროფულად მძიმე ყოველგვარი გაზვიადების გარეშე”, – განაცხადა მან.
სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ მომავალი ახალი რეგულაცია კი გამოიწვევს პროდუქტის გაძვირებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით მოხდება.
“რა თქმა უნდა, ერთჯერადი შეხედვით გაძვირდება [სასმელი], მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელით – აი, ვისაც შეუძლია კარგად გამიგებს მსმენელი – ფასები უფრო მინიმიზირდება, იმიტომ რომ თუ მრავალჯერად ჭურჭელს გამოიყენებ – შეიძლება ბევრჯერ გამოყენება და ერთჯერადის გამოყენებას შეიძლება მხოლოდ ერთხელ – გრძელვადიან პერიოდში მისი ფასები მინიმიზირდება და უფრო შეიძლება ეფექტიანიც იყოს”, – დასძინა მან.
ცნობისთვის, პლასტმასის შემცირების რეგულაციის ერთი ეტაპი უკვე ამოქმედებულია. კერძოდ, 1 იანვრიდან აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების წარმოება (თუ საექსპორტოდ არაა განკუთვნილი), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. ამასთან, აიკრძალა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. თუმცა, დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, როდესაც მისი ამოქმედების შემდეგ აკრძალული პროდუქტების გამოყენება კვლავ დასაშვებია. კერძოდ, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.
ამასთან, 1 აპრილიდან ამოქმედდება მორიგი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლების შესყიდვა კანონით შეეზღუდებათ.
სოლომონ პავლიაშვილის თმით, შემდეგი ეტაპი იქნება ჰორეკა სექტორისთვის – სასტუმროებში, რესტორნებში და კვების ობიექტებში პლასტმასის ნაკეთობების გამოყენება, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ხოლო მესამე ეტაპია სწორედ ბოთლებით სასმლის მარკეტებში გაყიდვის შეზღუდვა.