ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2025 წლის კარტოფილის მოსავლის რეალიზაცია გრძელდება. მიუხედავად სოფლებს შორის არსებული განსხვავებული აქტივობისა, ფერმერები საერთო ჯამში კმაყოფილები არიან. მყიდველები ჩანან, ფასმა 1 ლარამდე აიწია, ხოლო გაყიდვები ექსკლუზიურად საქართველოს შიდა ბაზარზე ხორციელდება.

კარტოფილის გაყიდვა განსაკუთრებით აქტიურია ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში. ეს ტენდენცია ყოველწლიურად შეინიშნება. მყიდველები პროდუქტს ჯერ ახლომდებარე სოფლებიდან ყიდულობენ, მარაგების ამოწურვის შემდეგ კი უფრო შორს მდებარე დასახლებებში გადადიან.

სოფელ დადეშის მაცხოვრებელი- ედგარი, კმაყოფილია როგორც გაყიდვების პროცესით, ისე ფასის მატებით:

„კარტოფილი იყიდება, დაახლოებით ათი დღის წინ ფასმა 1 ლარამდე აიწია. ფასი ნორმალურია, მყიდველები კი ადგილობრივები არიან -საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები. ჩვენს სოფელში მოსავლის დაახლოებით 60-70% უკვე გაყიდულია. ჩემი ვარაუდით, სოფელში კიდევ 2000 ტონამდე კარტოფილია დარჩენილი“, -ამბობს ედგარი.

სოფელ მურჯახეთის მაცხოვრებელი- ენოქ ბაბაჯანიანიც კმაყოფილია ვაჭრობის აქტივობითა და ფასით. ის ელოდება, რომ კარტოფილის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება:

„ფასი 90 თეთრიდან 1 ლარამდეა და მყიდველებიც არიან. ამ ფასად გლეხს უკვე რჩება მოგება. მე ჯერ კიდევ მაქვს გასაყიდი მარაგი, ველოდები, რომ ფასი მომავალში კიდევ მოიმატებს. რეალიზაცია ძირითადად შიდა ბაზარზე ხდება“, – აღნიშნავს ენოქ ბაბაჯანიანი.

ამავდროულად, სოფელ ალასტანის მაცხოვრებელი სიმონ მანანიანი აღნიშნავს, რომ მათ სოფელში მყიდველები ჯერჯერობით დიდ აქტივობას არ იჩენენ.

„ჩვენს სოფელში ბევრი კარტოფილი გვაქვს, მაგრამ მყიდველები ძირითადად სოფელ ვარევანამდე მიდიან. ჩვენამდე ჯერ არ მიაღწიეს- ჩვენს შორის ბევრი სოფელია. ახალი წლის შემდეგ ჩვენს სოფელში მხოლოდ ერთი სატვირთო მანქანა შემოვიდა, კარტოფილის ჩვენით წაღება გასაყიდად კი წამგებიანია. მიუხედავად ამისა, ვაჭრობა ზოგადად, კარგად მიმდინარეობს“,- აღნიშნავს სიმონ მანანიანი.

მისი თქმით, ძლიერი ყინვების დროს მოსავლის ნაწილის გაყიდვა ნაჩქარევად მოუხდათ, რადგან კარტოფილის გაყინვის საფრთხე არსებობდა. წელს მუნიციპალიტეტში შედარებით ძლიერი ყინვები დაიჭირა, ყველა გლეხს კი არ აქვს კარტოფილის შესანახი თანამედროვე საწყობი. მსგავსი საწყობების მოწყობა მუნიციპალიტეტისთვის კვლავ მწვავე აუცილებლობად რჩება.

სოფელ ხავეთში კი, საკრებულოს დეპუტატის- ჰრაჩ მოვსესიანის თქმით, გზის რეაბილიტაციის შემდეგ მყიდველებმა უფრო ხშირად დაიწყეს შესვლა.

„გაყიდვები დაახლოებით 20 დღეა გააქტიურდა, ფასი კი 90 თეთრია. ეს ნორმალური ფასია და ფერმერები მოგებას ნახულობენ. გზები თოვლისგან სწრაფად იწმინდება, ამიტომ მყიდველები მოდიან. ისინი ძირითადად საქართველოს სხვა რეგიონებიდან არიან. წელს კარტოფილის ექსპორტი არ ხორციელდება. სოფლის მოსავლის დაახლოებით 40% ჯერ კიდევ გასაყიდია“, – განაცხადა ჰრაჩ მოვსესიანმა.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში მრავალი დასახელების საკვები პროდუქტი, მათ შორის კარტოფილი, გაძვირდა. იანვარში კარტოფილის ფასი 28%-ით გაიზარდა.