2025 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტული ინვენტარის შესაძენად სამი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მონაწილეთა არარსებობის გამო ვერცერთი მათგანი ვერ შედგა. შედეგად, 2026 წელს სახსრები პირდაპირ გადანაწილდა სპორტულ ორგანიზაციებს შორის, რაც თითოეულ დაწესებულებას შესყიდვების დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებას აძლევს.

მერიამ ტენდერები სპორტული სკოლის, სპორტული კომპლექსის, დახურული აუზის, ჭადრაკის სკოლისა და სხვა სპორტული ობიექტებისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად გამოყო. თუმცა, სამივე ტენდერი ბათილად იქნა ცნობილი, რადგან მერიისთვის შესყიდვის განსახორციელებლად განაცხადი არცერთმა პრეტენდენტმა არ წარადგინა. პირველ ორ ტენდერში შესყიდვისთვის გამოყოფილი იყო 30 435 ლარი, მესამე ჯერზე მერიამ თანხა 34 610 ლარამდე გაზარდა, თუმცა ამანაც ვერ მიიზიდა ტენდერის მონაწილეები.

2026 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს სახსრები პირდაპირ გადაენაწილებინა ორგანიზაციებზე, ძირითადად სპორტულ სექტორში. დაფინანსება შემდეგნაირად განაწილდა:

სპორტული სკოლა: 9 860 ლარი;

ჭადრაკის სკოლა: 8 000 ლარი;

დახურული აუზი: 9 350 ლარი;

სპორტული კომპლექსი: 8 400 ლარი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, როზა იორდანიანის განმარტებით, მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ებს (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გამოაცხადონ ტენდერები ან შეიძინონ საქონელი პირდაპირი შესყიდვის გზით.

ასეთ ორგანიზაციებს შეუძლიათ პირდაპირი ხელშეკრულებით შეიძინონ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი. ვინაიდან თითოეული დაწესებულებისთვის გამოყოფილი თანხა არ აღემატება 10 000 ლარს, ისინი შეძლებენ სპორტული ინვენტარი მომწოდებლებთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების გზით მოკლე ვადებში შეიძინონ.