ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, გასულ წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ (სმპ) ფარგლებში დაგეგმილი ორი პროექტი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. სოფელ დილისკაში გარე განათება მთავარ ქსელზე არ არის მიერთებული, ხოლო სოფელ აბულში გზის რეაბილიტაცია 2026 წლისთვის გადაიწია. მეწარმე, რომელსაც აბულში სამუშაოები უნდა შეესრულებინა, დაჯარიმდა.

დილისკაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განათების დამონტაჟების ტენდერში ინდმეწარმე ზებურ აბულაძემ გაიმარჯვა. დილისკის გარდა, განათების მოწყობის ტენდერში კიდევ შვიდი სოფელი იყო ჩართული. დილისკაში სამუშაოების ღირებულებამ 46 329 ლარი შეადგინა, საიდანაც 20 000 ლარი სმპ-ის თანხა იყო, ხოლო 26 329 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სოფელ დილისკის დეპუტატის, გაგიკ გაბრიელიანის თქმით, განათების სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა ის საერთო ქსელში ჯერ კიდევ არ არის ჩართული.

„სოფელ დილისკისთვის გათვალისწინებულია ორი მრიცხველი. გადახდა უკვე განხორციელდა და ახლა ენერგოკომპანიამ უნდა დაამონტაჟოს მრიცხველები და ჩართოს ქსელში. რეგულაციის მიხედვით, მათ მრიცხველები 60 დღის ვადაში უნდა დააყენონ. კომპანიამ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაო დაასრულა და ჩვენ ის ჩავიბარეთ. დამატებითი დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, ის ძველ ხაზზე არ მიერთებულა“, — განაცხადა ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსესიანმა.

არა მოვსესიანმა ასევე განმარტა სოფელ აბულის შიდა „კეთილმოწყობის სამუშაოებთან“ დაკავშირებული ვითარება.

ერთი პროექტი მიმდინარე წლისთვის გადაიდო. სოფელ ხულგუმოში და პტენაში სამუშაოები დასრულდა, ხოლო სოფელ აბულში — არა. ვინაიდან ამ სამი სოფლის სამუშაოები ერთ ტენდერში იყო გამოცხადებული, დასრულებული სამუშაოებისთვის თანხა ჯერ არც მათზე გადარიცხულა“, -დაამატა მან.

სოფელ აბულში კონტრაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ბოლომდე ვერ მივიდა. ხულგუმოს, პტენასა და აბულის პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს. ტენდერში ინდმეწარმე არტურ ასლანიანმა გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოების შესრულება 57 999 ლარად იკისრა (თავდაპირველი ღირებულება 73 174 ლარი იყო). ამ თანხიდან აბულისთვის 44 821 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 16 000 ლარი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ (სმპ) სახსრებია, ხოლო 28 821 ლარი — ადგილობრივი ბიუჯეტის.

არა მოვსესიანის თქმით, მეწარმე სამუშაოების ორ თვეზე მეტი ხნით დაგვიანებისთვის დაჯარიმდა.

„ვინაიდან სახსრები უკვე გამოყოფილი იყო და არ გვსურდა ეს თანხა სხვა მიზნებისთვის გამოგვეყენებინა, კომისიის წევრებმა სამუშაოები შეაჩერეს და მიმდინარე წლისთვის გადაიტანეს“, — აღნიშნავს სამსახურის უფროსი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ხელშეკრულება 2026 წლის 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა. სამუშაოების შესრულება დაგეგმილია 2026 წლის 15 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების განრიგის გადაცილებისთვის ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ს შეადგენს. ორ თვეზე მეტი ვადის დაგვიანებისთვის, ინდმეწარმე არტურ ასლანიანმა 3500 ლარზე მეტი ჯარიმა გადაიხადა.

„ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, რის გამოც სამუშაოები დროულად ვერ დავიწყე. გვიან დაწყების გამო კი, იმ პერიოდში ბეტონის დასხმა ხარისხზე მოქმედებდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები მიმდინარე წლისთვის გადაგვეტანა“, — განმარტა ინდმეწარმე არტურ ასლანიანმა.

კონტრაქტორის თქმით, პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო, რის გამოც თბილ ამინდებში მისი დასრულება ვერ მოესწრო.

ეს პროექტი ითვალისწინებს სოფლის სანიაღვრე არხის ნაპირების ბეტონის კედლებით გამაგრებას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თოვლის დნობისა და წვიმების დროს მთებიდან წამოსულმა ნიაღვარმა არ დააზიანოს სოფლის ბეტონის გზა.

„ეს წყალი ჩვენი სასმელი წყალია. სათავე ზუსტად სად არის, არც კი ვიცით. მისი ნაწილი სასმელად გამოიყენება — მოდის მილებით და ტუმბოების საშუალებით ნაწილდება სოფელში. წყაროს წყალი კი სოფლის ტერიტორიაზე გაედინება და სოფელ კარტიკამამდე, შემდეგ კი ბავრამდე აღწევს. წყალი ასევე გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის და მისი გადაკეტვა შეუძლებელია. წვიმებისა და თოვლის დნობის დროს წყლის დონე იმატებს და შესაძლოა გზა დააზიანოს, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ნაპირების ბეტონირებას“, — განმარტა სოფელ აბულის რწმუნებულმა, ბალასან ხანჯიანმა.

მისივე თქმით, დაგეგმილია არხის ერთი მხარის მთლიანად, ხოლო მეორე მხარის ნაწილობრივ ბეტონით დაფარვა.